საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზაზა ხუციშვილი ევროპული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

ღონისძიებები 24 ოქტომბერი 2018
ზაზა ხუციშვილი ევროპული სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა პარლამენტში ევროპული სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს საკანონმდებლო ორგანოს ძირითადი ფუნქციები გააცნო და ახალი კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო რესპუბლიკის მმართველობის ფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ზაზა ხუციშვილმა კომიტეტის საქმიანობის აღწერისას, ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე გაამახვილა და ვალდებულებების შესრულების კონტექსტში კომიტეტის ჩართულობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ახალი მიდგომები დაინერგა, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების ფაქტორების შესწავლას და მათ ანალიზს წარმოადგენს.

პარლამენტის წევრმა, ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების და მავნე და საშიშ გამონაბოლქვების პრევენციისთვის ავტომობილების ტექნიკური შემოწმების შემოღების მნიშვნელობა აღნიშნა და ამ კუთხით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებას მიესალმა, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებას და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შემოყვანას უკავშირდება.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ახალგაზრდებს ბუნებრივი რესურსების მოპოვებისთვის სანებართვო ლიცენზიების გაცემის პრინციპები განუმარტა და ბორჯომის მინერალური წყლის წარმოების კონკრეტული მაგალითი გააცნო.

სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდები ტყის მასივების დაცვის კუთხით გატარებული ღონისძიებებით, კერძო ტაქსის ლიცენზირებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მექანიზმებით და საქართველოში წამყვანი ქვეყნის სტანდარტების დამკვიდრების საკითხებით დაინტერესდნენ. სხდომის დასასრულს, ზაზა ხუციშვილმა ახალგაზრდებს წარმატებული მომავალი უსურვა.