
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრები სასტუმრო "თბილისი მარიოტში“ საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, დიდიე ბურხარტერს შეხვდნენ.
მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და ეუთო-ს ოფისის აღდგენაზე. შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო აგრეთვე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება.
,,ამ ვიზიტს აქვს ორი დიდი მნიშვნელობა. ერთი, რომ ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობას შვეიცარიის სახელმწიფოსთან სხვადასხვა მიმართულებით, ამ შემთხვევაში ეკონომიკური, სავაჭრო და ინვესტიციების მოზიდვის თვაასაზრისით და ამავდროულად, შვეიცარია გახლავთ ეუთო-ს პრეზიდენტი ქვეყანა. რაც შეეხება ოფისის აღდგენის თემას, იდეის დონეზე საუბარია შეიქმნას მობილური ჯგუფი, რომელიც დაფუძნდება ვენაში და იქიდან დააკვირდება მიმდინარე პროცესებს, განსაკუთრებით ოკუპაციის რეგიონებს, საუბარია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეუთო-ში შვეიცარიის თავმჯდომარეობის პერიოდში ეს საკითხები წარმატებით განხორციელდება”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ აბაშიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.