დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ ტყემალაძე და მისი მოადგილე, თემურ მაისურაძე იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს და ამ თვალსაზრისით საპარლამენტო დიპლომატიის როლზე გაამახვილეს ყურადღება. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის და ამ მიზნით, სტუმრებმა ქართველი კოლეგები იორდანიაში მიიწვიეს.
ზურაბ ტყემალაძე სტუმრებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე ესაუბრა და ამავედროს იორდანიის საგადასახადო და საპენსიო სისტემით დაინტერესდა. სტუმრებმა კომიტეტის თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს თუ რა ტიპის გადასახადები არსებობს იორდანიაში და რა შეღავათებით სარგებლობენ ამ ქვეყნის პენსიონერები.
„ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ჩვენ გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გავცვალეთ. სტუმრებმა დაადასტურეს, რომ მათაც სჭირდებათ ჩვენი გამოცდილების გაზიარება და რაც მთავარია მე ძალიან დიდი ინტერესი გამიჩნდა, რომ გავერკვე უფრო დეტალურად, როგორ არის მათი ეკონომიკა აწყობილი“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ ტყემალაძემ.
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს წარმომადგენელთა საბჭოს იორდანია - საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი ექვსდღიანი ვიზიტით, საქართველოს 20 სექტემბერს ეწვია.
სტუმრებს გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და მისი წევრები, ასევე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ.