საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მედია და საზოგადოება 21 თებერვალი 2019
ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მიხეილ ნინუას და საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, რატი ბრეგვაძეს შეხვდა. 

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, კომიტეტის ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაციის საკითხებს შეეხო, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „დიასპორული ფორუმის“ ორგანიზების, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირების დამყარების საკითხებს.

სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის თავმჯდომარეს გააცნეს ინფორმაცია სამინისტროს გეგმებისა და მიზნების შესახებ როგორც „დიასპორულ ფორუმთან“, ასევე ყველა იმ პროექტსა და ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომლებიც დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით დაგეგმილია სამინისტროს 2019 წლის სამოქმედო გეგმით.

შეხვედრაზე განიხილეს რამდენიმე პროექტი და მათი განხორციელების კონკრეტულ ნაბიჯებზეც ჩამოყალიბდნენ.

ისაუბრეს ასევე იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება დიასპორული ორგანიზაციების ინფორმირებულობა ამ პროექტებზე.

ამ კუთხით, განსაკუთრებით აღინიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, რომლის შესრულებაც ტელევიზიას შეუძლია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ინფორმირებულობაში დიასპორული და მიგრაციული პროექტებისა და პროგრამების დანერგვისა და განხორციელების თაობაზე.

შეხვედრაზე ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი იყო საკვირაო სკოლების პრობლემატიკა, რათა მოხდეს სკოლების სახელმძღვანელოებით დროული მომარაგება და სწავლის ხარისხის გაზრდა, მასწავლებელთა ხელშეწყობა.

საუბარი შეეხო ასევე ქართულ ეკონომიკაში დიასპორის ჩართვის, დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის საკითხებს.

ამ მიმართულებით, სამინისტრო გეგმავს იმ პროექტებისა და იდეების დაფინანსებას, რომლებსაც შეიმუშავებენ დიასპორული ორგანიზაციები, ან უცხოეთში ხანგრძლივი დროით მცხოვრები ფიზიკური პირები.

„დიასპორული ფორუმი“ საინტერესო და მრავლისმომცველი პროექტია. იგი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას, ქართული დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას, დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას და დიასპორასთან ურთიერთობების პოლიტიკის საკითხებზე დისკუსიას. ამდენად, ჩვენი მიზანია, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, კერძოდ ემიგრაციის წარმომადგენლების და ასევე უცხოეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების „დიასპორულ ფორუმში“ ჩართულობა და წარმომადგენლობა“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზვიად კვაჭანტირაძემ.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელთა მონაწილეობით გაიმართოს სამუშაო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც წარდგენილი იქნება კონკრეტული შეთავაზებები დიასპორებთან მუშაობის გააქტიურების და კონკრეტულ პროექტების თაობაზე.

სამუშაო შეხვედრების გამართვა ასევე იგეგმება რეგიონების ხელმძღვანელებთანაც, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს დიასპორის დაინტერესება რეგიონებით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გივი ჭიჭინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი, კომიტეტის წევრი ანზორ ბოლქვაძე.