საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე პეკინში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ჩჟაო სიაოიუს შეხვდა.
დავით საგანელიძემ ჩჟაო სიაოიუს საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნებასთან დაკავშირებით მოწოდებული რეკომენდაციებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი რჩევები და გამოცდილება აუცილებლად იქნება გათვალისწინებული განვითარების ბანკის ფორმირების პერიოდში.
თავის მხრივ, ჩინურმა მხარემ საქართველოს ეკონომიკისთვის განვითარების ბანკის შექმნის განსაკუთრებულ მნიშვნველობას ხაზი გაუსვა. ჩჟაო სიაოიუს მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული ბანკის ჩამოყალიბებაში ჩაერთოს და საქართველოს თანამშრომლების მომზადებაში, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ფინანსურ საკითხებში დახმარება გაუწიოს.
შეხვედრისას ვიცე-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის შემთხვევაში უწყების საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდეს.
ჩჟაო სიაოიუსი დაინტერესდა საქართველოში დაგეგმილი მსხვილი პროექტებით და მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის შემთხვევაში, მასთან ერთად დააფინანსოს ქვეყანაში ისეთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა პორტების მშენებლობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, რეგიონული განვითარების და ენერგეტიკის, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების და სხვა.
განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი გასული 5 წლის განმავლობაში იკავებდა აზიის განვითარების ბანკის ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობას. ორგანიზაციამ საქართველოში რამდენიმე პროექტი წარმატებით განახორციელა.
ამჟამად ჩინეთის განვითარების ბანკი ამუშავებს პროექტს საქართველოში ჩქაროსნული ელექტრომატარებლებისა და ვაგონების დაფინანსებაზე.
ჩინეთის განვითარების ბანკი 1994 წელს დაარსდა, როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის აუცილებელი საფინანსო ინსტიტუტი. მისი ძირითადი ფუნქციაა მსხვილი და საშუალო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
განვითარების ბანკის აქტივები RMB-ზე 2013 წელს 8.19 ტრილიონი იუანით გაიზარდა და მისი მოგება წლის ბოლოსთვის 79.9 მილიარდი იუანს (14 მილიარდ დოლარს) შეადგენს.