
შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის წიგნის - „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საფუძვლად დაედო მიმდინარე წლის 7-10 მარტს, კომიტეტის ორგანიზებით საქართველოში გამართული კონფერენცია თემაზე - „ქალი და მიგრაცია“ და საერთაშორისო პროექტი - „აჩუქე შენი წიგნი დიასპორას“, რომლის ფარგლებშიც ავტორმა საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებს, ბიბლიოთეკებსა და ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს თავისი წიგნი - „როცა სარკეები აღარ იღიმებიან“, საჩუქრად გადასცა. წიგნი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორგანიზებულ, ქართული დიასპორის დღეს - 27 მაისს გამართულ საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებსაც გადაეცათ საჩუქრად.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ კრებული სპეციალურად, ქართული ემიგრაციისათვის მომზადდა და პროექტს დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში.
„პრეზენტაცია, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან კულტურული ურთიერთობების ფორმატში იმართება, კულტურული კავშირების გაღრმავებას,ქართულ კულტურულ ცხოვრებაში ქართველი ემიგრანტების მჭიდრო ჩართულობას და მათ ქართულ სინამდვილეში ინტეგრაციას ისახავს მიზნად“, - განაცხადა პრეზენტაციაზე თეიმურაზ ჭკუასელმა.
პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის და მთავრობის წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ქალაქის მერი დავით ნარმანია, მოწვეული სტუმრები და უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ესწრებოდნენ.