სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ და პარლამენტის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
„დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრები მოვედით იმ ადგილზე, სადაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ საქართველოსთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას. საქართველოს ძლიერებას, მის თავისუფლებას, დამოუკიდებლობას, სამწუხაროდ, ბევრი სისხლი დასჭირდა და ჩვენი დღევანდელობა, საქართველოს მომავალი შენდება სწორედ იმ ადამიანების გმირობაზე, ვისაც ჩვენ დღეს პატივი მივაგეთ. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ყველამ ერთად, სრულიად საქართველომ ქედი უნდა მოვიხაროთ მათი გმირობის წინაშე და გავაგრძელოთ გმირული შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გამთლიანდეს, საზოგადოება გამთლიანდეს და აღარასოდეს იყოს საჭირო სამშობლოს სისხლით დაცვა. ჩვენ, უნდა მოვახერხოთ ძლიერი სახელმწიფოთი, ძლიერი ეკონომიკით, ძლიერი პარტნიორებით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, -აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა თითოეული ქართველისთვის. „ჩვენ პატივი მივაგეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული თანამემამულეების ხსოვნას. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვახსოვს აფხაზეთი და გვტკივა აფხაზეთი, გვახსოვს და გვტკივა სოხუმი. ის, რაც სამწუხაროდ, ომით და სისხლისღვრით დაიკარგა, იმედი მაქვს, რომ მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთნდობის აღდგენით, სიყვარულით იქნება დაბრუნებული. ამას დრო სჭირდება, სამწუხაროდ, დიდი დროც. მაგრამ ის პოლიტიკა, რაც დღეს ქვეყენაში ხორციელდება, სწორედ ამ ნდობის აღსადგენად, ერთმანეთის დასაბრუნებლად პირველ რიგში, მე ვფიქრობ, აუცილებლად შედეგს გამოიღებს“,-აღნიშნა მანანა კობახიძემ.
პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, „დღევანდელი დღე, კიდევ ერთი შეხსენებაა ჩვენ საზოგადოებისთვის, რაოდენ მძიმეა ომი და რაოდენ მძიმეა დანაკარგი საქართველოსთვის იმ ვაჟკაცების და ქალბატონების, რომლებიც ამ ომში დაეცნენ“.