დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შაანსის პროვინციის ქ. სიანში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის "Silk Road Expo 2015"-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა.
დავით საგანელიძემ აბრეშუმის გზაზე საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან ადგილმდებარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით საუკუნეების განმავლობაში საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა აზიისა და ევროპის ერთმანეთთან დაკავშირებაში. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ჩვენი ქვეყანა წვლილს შეიტანს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში.
"საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც თანხმობა განაცხადა აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის თაობაზე. საქართველომ უკვე ხელი მოაწერა ჩინეთის მხარესთან ორმხრვ შეთანხმებას „ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის“ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ასევე, საქართველო გახლავთ პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ხელი მოაწერა მემორანდუმს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილების თაობაზე. ამასთან, 2015 წელს, პირველი მატარებელი გაემგზავრა აბრეშუმის გზის ჩინეთის მონაკვეთის ბოლო წერტილიდან სინძიან-უიგურეთის ავტონომიური რეგიონის ქალაქ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით. აღნიშნული მარსშრუტი საგრძნობლად შეამცირებს ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთვის სავაჭრო პარტნიორებს შორის მესამე ადგილს, ხოლო ინვესტიციების თვასალსაზრისით პირველ ადგილს იკავებს, ჩინური კომპანიები გამოხატავენ ინტერესს ახალი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოს მხარე მიესალმება. ასევე, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე, მათ შორის, ქართული ღვინის ყოველწლიურად დაახლოებით 40%-ით იზრდება. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მიერ ჩინეთი სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, სტრატეგიულ პარტნიორად განისაზღვრა.
"ასვე მივესალმები მაღალი დონის შეხვედრების სიხშირის გაზრდას. პირადად შესაძლებლობა მომეცა შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე პრემიერს ბატონ ვანგ იანგს, რომელმაც პირველად დაადასტურა საქართველოს მონაწილეობა „ახალ აბრეშუმის გზის“ პროექტში. ა.წ. ოქტომბერში ჩინეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეწვევა და შესაბამისი ორმხრივი შეხედრები გაიმართება ჩინეთის პრემიერ-მინისტრთან ბატონ ლი კეციანთან"-განაცხადა დავით საგანელიძემ.
გამოსვლის დასასრულს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა შაანსის პროვინციის მთავრობას "Silk Road Expo 2015" ფორუმზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.
"Silk Road Expo 2015"-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ყირგიზეთის ვიცე-პრემიერ მინისტრი და ტაილანდის წარმომადგენელი. ცერემონიალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მაღალჩინოსნები და აბრეშუმის გზის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.