საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კონგრესს სიტყვით მიმართა

20 დეკემბერი 2018
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე კონგრესს სიტყვით მიმართა

დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე შეკვეთილში სასტუმრო „პარაგრაფში“, გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესს საკრებულოს წევრთათვის დაესწრო და სიტყვით მიმართა:

„საქართველოს თვითმმართველობის საუკუნოვანი ისტორია აქვს. საქართველოს პირველი რესპუბლიკა ბევრი რამით იყო უნიკალური და მათ შორის იმ თვალსაზრისით, რომ 1919 წლის 2 თებერვალს საქართველოს ისტორიაში თვითმმართველობის პირველი არჩევნები გაიმართა. თბილისში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ქალაქის საბჭოს წევრები, ხმოსნები აირჩიეს.

მომდევნო არჩევნები უნდა გამართულიყო 1921 წლის 27 თებერვალს, თუმცა სამწუხაროდ წითელი არმიის შემოსვლის შემდგომ თბილისის თვითმმართველობამ არსებობა შეწყვიტა. მხოლოდ 77 წლის შემდგომ 1998 წლის ნოებერში გაიმართა მომდევნო თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები.

უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, დღესდღეობით, სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ატრიბუტად იქცა. ამ ინსტიტუტის გარეშე დემოკრატიული სახელმწიფოები არ არსებობენ. ადგილობრივი თვითმმართველობა, სახელმწიფო ხელისუფლებასთან ერთად, საჯარო ხელისუფლებას წარმოადგენს და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების გარეშე, წარმოუდგენელია სახელმწიფოს გამართული ფუნქციონირება. 

ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდანვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო და ეთმობა ადგილობრივი თვითმართველობის გაძლიერებას. სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2014 წელს განხორციელდა ძირეული თვითმმართველობის რეფორმა, რომლითაც კიდევ უფრო მკაფიოდ გაიმიჯნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებები, გაიზარდა თვითმმართველობის რესურსები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში კიდევ უფრო გამტკიცდა თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გარანტიები. 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საკმარისი არ არის და კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო თვითმართველობების გასაძლიერებლად, საჭიროა უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული თვითმმართველობის საქმიანობაში. საქართველოს მთავრობა და პარლამენტი აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს გაწეული სამუშაოსათვის. სულ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში გაიმართა თვითმმართველობის ფორუმი, სადაც განხილული იქნა ყველა ის საკითხი, თუ როგორ გახდეს თვითმმართველობების საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო დღევანდელი ღონისძიების ორგანიზატორებს - აირაის (IRI - საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს), იუესაიდს (USAID) და ამერიკის მთავრობას. საქართველოში თვითმმართველობის გაძლიერებისათვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარება".