
24 ოქტომბერს, ქალაქ ტალინში ბალტიის ასამბლეის რიგით 33-ე და ბალტიის საბჭოს რიგით მე-20 სესია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ბალტიის ასამბლეის სამივე ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხვა დეპუტატები, სკანდინავიის საბჭოს, ბენილუქსის პარლამენტის, ვიშეგრადის ქვეყნებისა და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციების წარმომადგენლები აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.
სესიაზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა რეგიონის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის განვითარება, ციფრული ხელმოწერების დანერგვა, ევროპის კავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობა, უსაფრთხო საზოგადოება და რეგიონალური უსაფრთხოება, ბალტიის ქვეყნებისა და ნატოს ათწლიანი თანამშრომლობა. დელეგაციებიდან სიტყვით გამოვიდნენ ბენილუქსის პარლამენტის თავმჯდომარე მარსელ ობერვაისი, უკრაინის პარლამენტის წარმომადგენელი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში რუსტამ რაუპოვი და სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ზურაბ აბაშიძე.
ზურაბ აბაშიძემ ხაზი გაუსვა ბალტიის ასამბლეის მრავალწლიან მეგობრობას სუამ-ის ქვეყნებთან. მან აღნიშნა, რომ ბალტიის ასამბლეა პოლიტიკურად ყოველთვის გვერდში ედგა სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს და თავის ოფიციალურ განცხადებებში ყოველთვის მხარს უჭერდა სუამის ქვეყნების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აგრეთვე ვიზის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და სესიის მონაწილეებს შეახსენა, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესის დაჩქარება.
ბალტიის ასამბლეის სამი ქვეყნიდან ორმა-ლიტვისა და ლატვიის რესპუბლიკებმა უკვე მოახდინეს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. ესტონეთი რატიფიკაციას უახლოეს მომავალში მოახდენს.