
საქართველოს დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, მანანა კობახიძის ხელმძღვანელობით, ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მე-60 სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო.
კომისიის მთავარი სამუშაო თემა იყო „ქალთა გაძლიერება და მისი როლი მდგრადი განვითარების პროცესში“. კომისიამ 59-ე სესიაზე მიღებული დასკვნების იმპლემენტაციის პროგრესიც შეაფასა, რომელიც ქალთა და გოგონათა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის აღმოფხვრას და პრევენციას შეეხება. დელეგაციის შემადგენელობაში შედიოდნენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია და საქართველოს „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები.
მანანა კობახიძემ სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალთა გაძლიერებაზე, მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობაზე, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ამ მიმართულებით ქვეყნის სტრატეგიაზე ისაუბრა.
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს სახელმწიფოს სახელით წარვდგე თქვენს წინაშე ამ მეტად მნიშვნელოვან ფორუმზე და მონაწილეობა მივიღო დისკუსიაში, რომელიც უკავშირდება ღონისძიების პრიორიტეტულ თემას - ქალთა გაძლიერებასა და კავშირებს მდგრად განვითარებასთან. ამასთანავე, მსურს გამოვხატო მადლიერება გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის თავმჯდომარისა და ბიუროს წევრების მიმართ ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და ხაზი გავუსვა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სამდივნოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას მე-60 სესიის მუშაობის საქმეში.
უპირველესად ყოვლისა, მინდა მივესალმო 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგის, განსაკუთრებით - მე-5 მიზნის მიღებას, რომელიც გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა და გოგონათა გაძლიერებას გულისხმობს.
ჩვენ გვჯერა, რომ მდგრადი განვითარება შეუძლებელია მიღწეულ იქნას ქალთა გაძლიერებისა და ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის აღმოფხვრის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს შეურიგებელი ბრძოლა ფემიციდთან, იძულებით ქორწინებასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა სექსუალურ და სხვა ტიპის ექსპლუატაციასთან, სამუშაო ადგილებზე გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან, ნაადრევ და იძულებით ქორწინებასთან და გენდერული დისკრიმინაციის სხვა გამოვლინებებთან. ჩვენ მივისწრაფვით, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია სამსახურებში, უნივერსიტეტებში, სკოლებსა თუ სხვა საჯარო დაწესებულებებში, ისევე როგორც ოჯახში. შესაბამისად, საქართველო ინტენსიურად მუშაობს ძალადობის აღმოფხვრაზე ორიენტირებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად. გასულ წელს „სტამბოლის კონვენციის“ ხელმოწერაც, რომლის რატიფიცირებაც მალე მოხდება, ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ მიმართულებით,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
სესიის პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება გაიმართ, მათ შორის გენერალური ასამბლეის შენობაში მოეწყო გამოფენა - „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" გაეროს #1325 რეზოლუციასთან დაკავშირებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასა და დევნილი ქალების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ღონისძიების ფარგლებში, მანანა კობახიძემ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით და უშუალოდ მადლენ ოლბრაიტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, რომელიც ქალი პოლიტიკოსების უფლებების დაცვას და ამ მიზნით შესაბამისი საერთაშორისო კამპანიის დაწყებას ისახავდა მიზნად.
ასევე, გაიმართა ორმხრივი შეხვედრა პარლამენტის ვიცე სპიკერს, პრემიერ-მინისტრის თანაშემწესა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოში განხორციელებული რეფორმები, კერძოდ იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია, ნაადრევი ქორწინების აკრძალვა, ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიისა და შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმების არსებობა.
ვიზიტის დროს, მანანა კობახიძე მიწვეული იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ნიუ- იორკის ოფისის ხელმძღვანელის, ნატა მენაბდის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, რომელიც ქალთა და ბავშვთა ჯანმრთელობაზე საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვისა და არაჯანსაღი ენერგორესურსების გამოყენების მავნე ზეგავლენას ეხებოდა.
„ნამდვილად ამაყი ვიყავი, როცა ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე, ორი ქართველი ქალბატონი გლობალურ პრობლემებზე ვსაუბრობდით...
მადლობა ყველას, ვინც ეს დღეები ჩვენთან ერთად იყო და ქვეყნის წარმოჩენას ცდილობდა, განსაკუთრებით ჩვენს ელჩს, კახა იმნაძეს და მთელ ჩვენს წარმომადგენლობას ნიუ-იორკში.
იმედია, უკეთესობისკენ შეიცვლება ქალთა უფლებრივი მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში და ყველა ქალი, მათ შორის ქალი პოლიტიკოსი დაცული იქნება თავდასხმებისგან, შეურაცხყოფისგან, ცილისწამებისგან, შანტაჟისგან, ძალადობისგან! ჩვენი ქვეყანა ამას იმსახურებს!
მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის სულისკვეთების ერთგულება და საქართველოს სახელმწიფოს მზაობა, რომ განუხრელად გაგრძელდება „ქალთა მიმართ ყოველგვარი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ“ (CEDAW) გაეროს კონვენციით, „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ“ გაეროს საერთაშორისო პაქტითა (ICCPR) და გაეროს #1325 რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და ყველა დონეზე ქალთა და გოგონათა გაძლიერებაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება, ისევე როგორც შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების რეგლამენტაცია, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში,“ - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის ყოველწლიური სესია ოფიციალურად 24 მარტს დაიხურება.