
სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი ქუთაისის მადლიერების სახლს ესტუმრა და უპოვარ და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას გაესაუბრა.
დეპუტატის განცხადებით, სიღარიბესთან ბრძოლა 21-ე საუკუნის საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება და მის აღმოსაფხვრელად ბოლო წლებში ხელისუფლებამ რამდენიმე ღონისძიება უკვე გაატარა. „2013 წლის 1 სექტემბრიდან ორწევრიანი პენსიონერთა ღარიბი ოჯახი 400 ლარიან დახმარებას იღებს, ასევე წინა წელს გაორმაგდა ღარიბების დახმარების ოდენობა, როგორც ოჯახის პირველ წევრზე, ასევე ყველა მომდევნო წევრზე.
ყველა ღარიბი ოჯახის წევრი, რომელიც 150 ლარამდე ხელფასს იღებს, გათავისუფლდა საშემოსავლო გადასახადიდან, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების ღარიბი ოჯახის სტუდენტები უმაღლეს სასწავლებლების საფასურს აღარ იხდიან. სიღარიბე რჩება ჩვენთვის მთავარ გამოწვევად და ამიტომაც მოვედი დღეს, რათა გამოვხატო სოლიდარობა ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობის მიმართ“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
ქუთაისის მადლიერების სახლი ყოველდღიურად 600 ბენეფიციარს სადილით და ცხელი კერძებით ამარაგებს.