
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, თედო ჯაფარიძემ ბულგარეთში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა თემაზე: „ევროპის თანამშრომლობასა და ერთიანობაზე დაფუძნებული დემოკრატიული უსაფრთხოება“.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატანი-დრაგონი, ბულგარეთის სახალხო კრების სპიკერი - ცეცკა ცაჩევა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი მინისტრი და ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დანიელ მიტოვი, ბულგარეთის ვიცე - პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი რუმიანა ბაჩვაროვა და სხვა გამოჩენილი პოლიტიკოსები.
კონფერენციის ფარგლებში განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ევროპის უსაფრთხოება, მიგრაციული კრიზისი - როგორც ევროპული საზოგადოების წევრი ქვეყნების თანამედროვე გამოწვევა, რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ეკონომიკური პრობლემები.
თედო ჯაფარიძემ თავის გამოსვლაში 2008 წლის ომის შემდგომ უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლილ კონტექსტზე გააკეთა აქცენტი. მისი თქმით, ევროპის ვერც ერთი ქვეყანა თავს მშვიდად ვერ იგრძნობს მაშინ, როცა მის მეზობელ ქვეყნებში სერიოზული პრობლემებია.
„საქართველოს მისწრაფება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში უსაფრთხოების სურვილით და იმ მისწრაფებებით არის განპირობებული, რომელიც ავტორიტეტული საერთაშირისო სტრუქტურების დახმარებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
როგორც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ, გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ თედო ჯაფარიძის გამოსვლის საპასუხოდ განაცხადა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მხრიდან მომავალში უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა საქართველოს უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა კონფერენციის როლსა და მის შესაძლებლობაზე, რომელიც უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპის მშენებლობაზე მსჯელობის საშუალებას იძლევა. მისი თქმით, ევროპა ეძებს პასუხებს არსებული გამოწვევების გასამკლავებლად. ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დანიელ მიტოვმა აღნიშნა, რომ ევროპის ყველა ქვეყანას სჭირდება ურთიერთმხარდაჭერა და ეროვნულ ინტერესებსა და საერთო ევროპული ღირებულებების დაცვაში სწორი ბალანსის პოვნა.
ყველა ის საკითხი, რომელიც ბულგარეთის დედაქალაქში განიხილეს, შემდგომში სახელმწიფოს მეთაურებს და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებს წარედგინება. ამ მხრივ, სოფიაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს პოტენციალსა და მის საპარლამენტო ასამბლეას. „ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების გამოცდილება ინსტიტუციონალური დემოკრატიის მყარი საფუძვლების მშენებლობისთვის. მსოფლიოს იმ ნაწილში, რომელიც ამჟამად მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, არ არსებობს ისეთი მდიდარი გამოცდილება, როგორიც აქვს ევროპას. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ რეკომენდაციები, რომლებიც ღირსეული, ძლიერი, უსაფრთხო და დემოკრატიულად განვითარებული სახელმწიფოს შექმნაში დაგვეხმარება“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო და მისი საპარლამენტო ასამბლეა, ისევე როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, არ უნდა იყოს საქართველოს შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების ადგილი. „ჩვენი ურთიერთობა ამ სტრუქტურებთან მიზნად უნდა ისახავდეს მათ ჩართულობას ქვეყანაში საერთო ევროპული ღირებულებების განვითარებასა და გაძლიერებაში“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ. მის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა პედრო აგრამუნტმა, აგრეთვე, ბულგარეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯემა გროჟდანოვამ და ეროვნული დელეგაციების სხვა თავმჯდომარეებმა, მათ შორის უკრაინიდანაც.
ვიზიტის ფარგლებში, თედო ჯაფარიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა უკრაინის, რუმინეთის, სომხეთის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან. აღნიშნულ შეხვედრებზე გადაწყდა, ჩატარდეს საქართველოს, რუმინეთისა და პოლონეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების შეხვედრა, სადაც შეიმუშავებენ საერთო წინადადებებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
ასევე, შედგა წინასწარი შეთანხმება, რომ საქართველოში გაიმართება უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს საპარლამენტო კომიტეტების ხელმძღვანელებს შორის, ერთობლივი კონსულტაციები. აგრეთვე ჩატარდება საქართველოსა და სომხეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომა.
თედო ჯაფარიძემ თბილისში მოიწვია ცნობილი ევროპელი პოლიტიკოსი, ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და დეპუტატი კარლ შვარცენბერგი.