
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავა და ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ბეჟაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდზე და საპარლამენტო არჩევნების დროს სადამკვირვებლო მისიების საქართველოში ჩამოსვლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ეუთო/ოდირის საჭიროებების შემფასებელი დელეგაციის მიზანია შეისწავლოს არსებული სიტუაცია და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება თუ რა ფორმით დააკვირდება არჩევნებს. დარწმუნებული ვარ, იმ შემაძრწუნებელი მოცემულობიდან და ძალადობიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ, ეუთო/ოდირი საქართველოში უპრეცედენტოდ დიდ მისიას გამოაგზავნის. მნიშვნელოვანია, რომ მისიის გამოგზავნა საქართველოში ადრეულ ეტაპზე მოხდეს, რათა ისინი წინასაარჩევნო პროცესსაც დააკვირდნენ და უზრუნველყონ, არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახოს“, - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.