
სტრასბურგში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ასამბლეის თანათავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. ბიუროს სხდომას ევროპარლამენტის წევრებთან ერთად სომხეთის, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ, სადაც პარტნიორებმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დატოვების შესახებ აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილება განიხილეს.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას უკვე ოფიციალურად აცნობა გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მიერ ასამბლეის დატოვების შესახებ. თუმცა, ევრონესტის წესებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანი ოფიციალურად მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლებს ასამბლეის დატოვებას.
ბიუროს წევრებმა მწუხარება გამოთქვეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ევროპელი მეგობრების კრიტიკა განკუთვნილია არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის მიმართ, რათა სრულყოფილი დემოკრატიისათვის ამ ქვეყნებმა მაქსიმუმი გააკეთონ. მოვუწოდებ კოლეგებს, ასამბლეაში დაბრუნების მიზნით, აზერბაიჯანთან ინკლუზიური დიალოგი წარვმართოთ“, - განაცხადა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ.
სხდომაზე პარტნიორებმა უკრაინაში არსებული მდგომარეობა და რუსეთ-უკრაინის ურთიერთობა, ასევე, სირიიდან ევროპაში მიგრაციის პრობლემები, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი და ნატოს ვარშავის სამიტის შემდგომ საქართველოს პერსპექტივები განიხილეს.
ევრონესტის დაფუძნების დღიდან, ბიუროს ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში თანათავმჯდომარეების როტაციის საკითხის მოგვარება იყო. ვიქტორ დოლიძემ პარტნიორებს შესთავაზა, აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მიმართ როტაცია ინგლისური ანბანის მიხედვით განხორციელდეს. ასევე გადაწყდა, რომ თითოეული კომიტეტის თანათავმჯდომარემ ან ვიცე თანათავმჯდომარემ ასამბლეაში პოზიცია ორიდან ოთხ წლამდე ვადით დაიკავოს.
ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, სოციალურ საკითხთა და ენერგო უსაფრთხოების კომიტეტების სხდომები თბილისში 5-6 ნოემბერს ჩატარება, ხოლო პოლიტიკური და ეკონომიკური კომიტეტების სხდომები ბრიუსელში, ევროპარლამენტში გაიმართება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომასაც დაესწრო, სადაც მოხსენებით საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი წარსდგნენ.
ეს მეორე პრეცედენტია, როდესაც ამ ქვეყნების მმართველები ევროპარლამენტს ერთად ეწვივნენ. პირველად ეს მოხდა 1989 წლის ბერლინის კედლის დაშლის შემდეგ, ჰელმუტ კოლის და ფრანსუა მიტერანის შემთხვევაში.