
დღეს, ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაზე, ასამბლეის მოქმედმა თანაპრეზიდენტმა, უკრაინის პარლამენტის წევრმა, ბორის ტარასიუკმა ბიუროს წევრებს აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო დელეგაციების 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის პოსტზე საქართველოს პარლამენტის წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, ვიქტორ დოლიძის წარდგენის შესახებ გააცნო. ვიქტორ დოლიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის მოვალეობას 2015 წლის 19 მარტიდან შეასრულებს.
ბიუროს წევრებმა მეოთხე პლენარული სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, მიმოიხილეს 16 მარტის კომიტეტის სხდომებზე დამტკიცებული, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებული რეზოლუციების პროექტები და პლენარულ სხდომაზე მათ წარდგენასთან დაკავშირებული საკითხები. მათ იმსჯელეს ასამბლეის და მისი კომიტეტების რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, 2015-2016 წლების საქმიანობის კალენდარზე და პლენარული სხდომის ხმის დამთვლელი კომისია დაამტკიცეს.
გადაწყდა, რომ ბიუროს წევრები პლენარული სხდომის შემდეგ აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისათვის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს გზავნილის ტექსტზე მუშაობას გააგრძელებენ და შეთანხმდებიან საბოლოო ვერსიაზე.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარული სხდომა დღეს გაიხსნა და მუშაობას 18 მარტს დაასრულებს, სადაც კომიტეტების სხდომებზე განხილულ რეზოლუციებს დაამტკიცებენ.