
ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართა, სადაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე მონაწილეობდა.
მინისტერიალი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისრის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესზე და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესის გათვალისწინებით თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გზებზე იმსჯელეს.
ევროკავშირი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ შედეგებს მიესალმა და მომდევნო წელს დაგეგმილი სამიტისთვის მეტი პროგრესის წარმოჩენის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, ასევე, რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.
ევროკავშირის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებები აღინიშნა. ასევე, წევრი სახელმწიფოების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე და მისი წარმატებით დასრულების აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით და ხაზი გაუსვა ამ ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის წარმატებისათვის.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, „აღმოსავლეთ პარტნიორობამ“ გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით. მინისტრმა ქართული მხარის ხედვა წარმოადგინა იმ კონკრეტულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო, მოკლე ხანში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას ევროკავშირთან წარმატებით დასრულდება.
საგარეო საქმეთა მინისტერთა შეხვედრაზე ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით.
ვიქტორ დოლიძე სხდომაზე წარდგა, როგორც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე. მან მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის და იოჰანეს ჰანს სხდომაზე წარმოდგენილი დოკუმენტისთვის, რომელიც რიგის სამიტის შემდგომ პერიოდსა და რეკომენდაციებს ასახავს. ვიქტორ დოლიძემ დამსწრე საზოგადოებას ევრონესტის გავლილი საქმიანობისა და დაგეგმილ ღონისძიებებათა თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. „აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომების შემუშავება ქვეყნების მიერ სექტორალური რეფორმების გატარებისა და წინგადადგმული ნაბიჯების თვალსაზრისით“, - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. მან ასევე, აღნიშნა სასამართლო და მართმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელობა და გასატარებელი რეფორმების აუცილებლობაზეც ისაუბრა. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მინისტრებს უვიზო მიმოსვლის შესახებ მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი უახლოეს მომავლში წარმატებით დასრულდება.
ვიქტორ დოლიძემ თავისი გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ხურჩაში მომხდარ ტრაგედიაზე. მისი თქმით, მომხდარმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ოკუპანტი ხელისუფლების რეალური სახე. მისივე თქმით, უნდა მოხდეს ამგვარი ფაქტების პრევენცია და რაც მთავარია, რეაგირება ყოველ მსგავს ფაქტთან დაკავშირებით. ვიქტორ დოლიძემ, მომავალში ამგვარი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, ადგილზე მონიტორინგის გაძლიერების აუცილელობაზეც ისაუბრა.
დღეს, ბრიუსელში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკების წარმომადგენლები.