საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

ვიქტორ დოლიძე, ერევანში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 13 მარტი 2015
ვიქტორ დოლიძე, ერევანში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის მეოთხე პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

16-18 მარტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის ევრონესტის დელეგაციის ხელძღვანელის რანგში, ერევანში, ევრონესტის მეოთხე პლენარულ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: ანი მიროტაძე, გია ჟორჟოლიანი, ეკა ბესელია, გიგლა აგულაშვილი, გიგა ბუკია, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი ჟვანია.

ერევანში ასევე, გაიმართება ევრონესტის ეკონომიკური ინტეგრაციის, საკანონმდებლო და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოების, პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის, ენერგო უსაფრთხოების და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების სხდომები.

ევრონესტის პოლიტიკური, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის თანათავმჯდომარეების რანგში ვიქტორ დოლიძე და ევროპარლამენტარი მიხალ ბონი ევრონესტის პლენარულ სხდომაზე წარადგენენ რეზოლუციის პროექტს თემაზე: „ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო ჩართულობა და თანამშრომლობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 2014-2020 წლებში“.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიურო რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურებისათვის განკუთვნილი მიმართვის ტექსტს შეიმუშავებს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან, მათ შორის 60 წევრი ევროპარლამენტიდან არის, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყანა (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა) წარმოდგენილია პარლამენტის 10 დეპუტატით. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა - ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს). ეს ინსტიტუტი არის ფორუმი საპარლამენტო დიალოგისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს შორის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა შორის კავშირები და მრავალი სხვა. ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს, ხოლო მისი 4 კომიტეტი ორ-ორ სხდომას. რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომები.