თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბრიგადის გენერალს, პოლ ჰოეფსლუტს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების, ვეტერანების მიმართ არსებული საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების საკითხები განიხილეს და ამ კუთხით, გამოცდილების გაზიარების და თანამშრომლობის მიმართულებებზე იმსჯელეს.
ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, ვეტერანთა საკითხების მიმართ ნიდერლანდური გამოცდილება ქართული მხარისთვის საინტერესოა და შესაბამისად, მისასალმებელია თანამშრომლობის ის დინამიკა, რაც ორი ქვეყნის უწყებებს შორის ვითარდება.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი, კობა კობალაძე დაესწრო, მხარეებმა ქართული დელეგაციის ნიდერლანდებში საპასუხო ვიზიტის საკითხებიც განიხილეს.
ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საბჭო - თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ ორგანიზებით განხორციელდა.