
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
როგორც ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოებას, საქართველოსა და უკრაინის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ასევე თანამშრომლობის საკითხებს, განსაკუთრებით თავდაცვის მიმართულებით.
„ისტორიულად, უკრაინა ყოველთვის იყო საქართველოს მეგობარი და ჩვენ - უკრაინის მეგობარი. უკრაინამ არამარტო სიტყვებით, არამედ პრაქტიკაში დაამტკიცა საქართველოსთან მეგობრობა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 90-იან წლებში საქართველო ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, სადაც რუსეთი ღიად თუ დაფარულად ამ ომის ნაწილი იყო. უკრაინა ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც ფიზიკურად დაუდგა საქართველოს გვერდში, მათი მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე იბრძოდნენ და იღუპებოდნენ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ ამ თანადგომისთვის და იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.