საქართველოს პარლამენტი

გვერდის ამობეჭვდვა

საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირებისათვის პრემიების აღების უფლების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

მედია და საზოგადოება 24 ივნისი 2015
საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირებისათვის პრემიების აღების უფლების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პარლამენტის წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი საჯარო სამსახურში მაღალი თანამდებობის პირებისათვის პრემიების აღების უფლების შეზღუდვის ინიციატივით გამოდის, ამის შესახებ მან დღეს ქუთაისში, პარლამენტის შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, გამოთავისუფლებული სახსრებით სხვა მოწყვლადი ჯგუფების აუცილებელი ხარჯების დაფარვა. ასევე ეს იქნება მთავრობის მიერ დეკლარირებული „ქამრების შემოჭერის” პოლიტიკის მხარდაჭერა.

ზაქარია ქუცნაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა თანამდებობის წევრთა იმ წრეზე, რომელთაც ეს ცვლილება შეეხებათ, ესენია: საქართველოს პარლამენტის წევრი, მინისტრი და მისი მოადგილე, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მათი მოადგილეები, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები და მათი მოადგილეები, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე, პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში, სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, საგადასახადო ონბუდსმენი და მისი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელები, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე, გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანის წევრები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრები, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი, სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) და მისი მოადგილეები, მოსამართლეები, საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარეები, გამგებლები და მერები. დეპუტატის განცხადებით ეს 25 მაღალი რანგის თანამდებობა 800-მდე თანამდებობის პირს მოიცავს. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მათ შეეზღუდებათ ხელფასის მესამე კომპონენტის - პრემიის მიღების შესაძლებლობა. 

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ეს შეზღუდვები არ გავრცელდება ჩამოთვლილი უწყებების საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობის პირებზე, „საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს აქვთ საშუალო და დაბალი რანგის ხელფასები. აქედან გამომდინარე, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ პრემიების აღების უფლება. მით უფრო 13 ივნისის სტიქიის შემდეგ, როდესაც ჩვენ ყველამ ვნახეთ როგორ მუშაობდნენ საშუალო და დაბალი რანგის ჩინოვნიკები. არა მგონია, სწორი და მორალური იყოს კანონმა შეზღუდვები დაუწესოს ყველას ერთნაირად, კანონებს უნდა ჰქონდეს მორალური დატვირთვა“, - განაცხადა მან. 

როგორც დეპუტატი აცხადებს, ის პარლამენტის მიერ ამ ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.

ინიციატორმა, ასევე, განმარტა, თუ რა წესით შეარჩია ეს თანამდებობის პირები. „ეს არის ის მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ექცევიან საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში და რომლებზეც ვცრცელდება ქონებრივი დეკლარაციების შევსების საჯაროობის ვალდებულება. რა მიზნით იქნება გამოყენებული გამოთავისუფლებული თანხები? ეს უკვე მთვრობის დისკრეციაა, რამდენადაც ეს თანხა არ წარმოადგენს ბიუჯეტის 10%-ზე მეტს და მთავრობას კანონით აქვს უფლება, პარლამენტთან შეთანხმებით, გადაათამაშოს თანხა ერთი მუხლიდან მეორეში, საჭიროების მიხედვით.“ 

პარლამენტის მიერ მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს შეზღუდვა იმოქმებდებს მიმდინარე წლის ივლისიდან 2016 წლის 1 იანვრამდე, რამდენადაც მერე ძალაში შევა ახალი საბიუჯეტო კანონი და თუ პარლამენტი შემოდგომაზე ჩათვლის, რომ კიდევ უნდა გააგრძელოს, ეს უკვე პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება. მან აქვე ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრები 2013 წლის იანვრიდან არ იღებენ პრემიას.

ბრიფინგის დასრულებისას , ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა ხელი საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც პროცედურების დაცვით დღესვე შევა პარლამენტში განსახილველად.