
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი პარლამენტის სტაჟიორებს შეხვდა.
შეხვედრის თემა შეეხებოდა კომიტეტის საქმიანობას, ასევე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს.
როგორც ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომიტეტის მიერ მიღებული კოდექსი, რომელიც გარემოსდაცვით შეფასებას ეხება.
მან ასევე ისაუბრა ჰესების მშენებლობის მნიშვნელობაზე, ახალ ტყის კოდექსზე რომელიც მთავრობის ინიციატივით შემოსული არის პარლამენტში და იმ პრიორიტეტებზე რასაც ეს კოდექსი ითვალისწინებს.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა კომიტეტის საქმიანობის ახალ მიმართულებაზე თემატურ მოკლვლევაზე რომელიც ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესწავლას ეხებოდა: „თემატური მოკვლევის პირველი საპილოტე პროექტი პარლამენტში სწორედ ჩვენმა კომიტეტმა განახორციელა. შეიქმნა თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომელმაც პრობლემის შესწავლისა და მისი გადაჭრის გზების მოძიებისთვის ყველა მხარეს, როგორც საზოგადოების, ასევე საჯარო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მაგალითს დღეს პარლამენტის სხვა კომიტეტებიც იზიარებენ“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ სტაჟიორების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.