ალექსანდრე რაქვიაშვილის ბრიფინგი

„დღეს პარლამენტმა მოსმენის გარეშე პირდაპირ კენჭი უყარა ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს სამ წევრს. ეს ის ხალხია, ვინც იღებს გადაწყვეტილებას მონეტარულ პოლიტიკაზე და ზოგადად მართავს ეროვნულ ბანკს. ამ სამი ადამიანიდან იქნება არჩეული ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საჯარო განხილვა არც კი გვქონდა, რამდენიმე კომიტეტზე იყო მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმი და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რომელიც ამყარებს უკონტროლო სიტუაციას ეროვნული ბანკის ირგვლივ“, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი პარლამენტს ინფორმაციას არ აწვდის თავის საქმიანობაზე და ცდება კონსტიტუციის მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას.
„ბოლო ბერკეტი, რომელიც გვაქვს რომ საჯარო განხილვები გვქონდეს, ეს ბერკეტიც კი დაიკარგა დღეს. დღევანდელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს ეროვნული ბანკის პოლიტიკას მომავალ 7-წლიან პერიოდში. ასეთ სიტუაციაში უფრო მეტი საჯაროობაა საჭირო", - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
