„აუცილებელია, ერთ დიდ შეცდომას მეორეც არ მოჰყვეს“ - საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ბიძინა გეგიძე ეხმაურება

ვაკის მაჟორიტარი და საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბიძინა გეგიძე, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
გეგიძის თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების დასმა ყოვლად მიუღებელია და ეს ინციდენტი სამარცხვინო ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში.
„ჩემთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციიდან რუსი დეპუტატების მოსმენა და ასამბლეის ოკუპანტის ენაზე გახსნა. აღნიშნული ინციდენტი ყველანაირად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის პრიციპებს და აუცილებელია დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. ამასთან, მესმის მოთხოვნები რუსი დეპუტატების გაძევების თაობაზეც, რაც იმპულსურ და ემოციურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. რაც მოხდა, სამწუხაროდ, ვეღარ გამოსწორდება, თუმცა, ასამბლეაზე მოწვეული პირების გაძევება ყველანაირად ეწინააღმდეგება მასპინძლის სტატუსს და, რაც მთავარია, კონფლიქტშია პოლიტიკურ, დიპლომატიურ და საერთაშორისო ნორმებთან. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ერთ დიდ შეცდომას მეორეც არ მოჰყვეს და გადაწყვეტილება მივიღოთ სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღევანდელი ინციდენტი ჩემთვის, როგორც დეპუტატისა და საქართველოს მოქალაქისთვის, სრულიად მიუღებელია“, - აცხადებს ბიძინა გეგიძე.