დავით სონღულაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ანაგაში, ვაქირსა და ბოდბისხევში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, სადაც სოფლებში არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
მოსახლეობის თქმით, ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს, თუმცა ელოდებიან მიმდინარე სამუშაოების დასრულებას, რის შემდეგაც სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.
დღის ბოლოს, დავით სონღულაშვილი ა(ა)იპ „სპორტის განვითარების ცენტრის“ ადმინისტრაციასა და მწვრთნელებს შეხვდა, რომელთაგან სხვადასხვა სპორტული მიმართულების მუშაობის, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიიღო ინფორმაცია.
„მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში მასობრივი სპორტის განვითარებას შევუწყოთ ხელი. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში არსებული სპორტული ინვენტარისა და სპორტული დარბაზების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ვისაუბრეთ და სხვადასხვა პროექტის განხორციელებისთვის შევაჯერეთ ინფორმაცია. დარწმუნებული ვარ, მომავალში, აქ გაზრდილი ბევრი სიღნაღელი სპორტსმენი გვასახელებს მსოფლიო მასშტაბით,“ - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
დეპუტატთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი.
დავით სონღულაშვილი თავის სამაჟორიტარო ოლქში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.