კულტურის კომიტეტის სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს

კულტურის კომიტეტის სხდომაზე „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელეს, რომლის მიზანი კულტურული მემკვიდრეობის უფრო ეფექტიანად დაცვა, ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით ხელყოფის გამოვლენა და მათზე სათანადო რეაგირებაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას განმარტებით, კანონპროექტის მიღების შედეგად, ზუსტდება და კონკრეტდება „ძეგლის განადგურებისა“ და „ძეგლის დაზიანების“ ცნებები, რაც ხელს შეუწყობს ამ ქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას.
„კანონპროექტით ასევე ხდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დისკრიმინაციული ნიშნით დაზიანებისა და განადგურების გამოყოფა. ახლებურად განისაზღვრება უძრავი ძეგლის საპროექტო დოკუმენტაციის შემადგენლობა“, - განაცხადა მომხსენებელმა.
დღესვე, კომიტეტმა განიხილა საინიციატივო ჯგუფის „ხელოვნების მუზეუმისთვის“ მიერ წარმოდგენილი პეტიცია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
პეტიციის ავტორებს და ხელმომწერებს მიაჩნიათ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა საფრთხეშია და ითხოვენ, პარლამენტმა მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს როგორც საკითხის საჯაროობა, ასევე, მიმდინარე პროცესებზე საპარლამენტო კონტროლის ეფექტური განხორციელება.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, პეტიციასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიცია, რათა მასში დასმულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსია დაიწყოს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა პეტიციის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გადაგზავნის საკითხს.
