ნინო ბურჯანაძე აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს პარლამენტარი ქალბატონების მიერ ინიცირებული სამშვიდობო აქციის მონაწილეებს შეხვდა
სამშვიდობო აქცია «ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი» - რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარების გარანტი» ტარდება აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის პარლამენტარ ქალთა ინიციატივით.
სამშვიდობო აქციის მონაწილე პარლამენტარი ქალბატონები და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაივლიან ნავთობსადენის მარშრუტს აზერბაიჯანში, საქართველოში და თურქეთში. ისინი გამართავენ შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან, ისაუბრებენ რეგიონში ნავთობსადენის მნიშვნელობაზე - მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და განვითარებისათვის კუთხით. აქცია ქალაქ ჯეიჰანში დასრულდება სადაც აღნიშნულ თემაზე კონფერენცია გაიმართება.
სამშვიდობო აქციის მონაწილეები დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მიიღო.
«გულწრფელად მიხარია თქვენი აქტიური მონაწილეობა რეგიონისათვის ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში»-აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
«ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი და თავისუფალია მაგრამ ჩვენი ენერგომოთხოვნების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დამოკიდებულია სხვა ქვეყნების ენერგომატარებლებზე. ჩვენ უნდა ვეძიოთ ალტერნატიული ენერგორესურსი და სასურველია ეს იყოს კეთილმეზობლურად განწყობილი, მეგობარი ქვეყანა»-განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ნინო ბურჯანაძემ წარმატებები უსურვა აქციის მონაწილე ქალბატონეს და აღნიშნა, რომ მათი წვლილი მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების სფეროში.
