ნინო წილოსანმა რეიკიავიკის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი 9-10 ნოემბერს რეიკიავიკის გლობალურ ფორუმში (Reykjavík Global Forum 2021) დისტანციურად მონაწილეობდა.
აღნიშნული ფორუმი ყოველწლიურად ათობით სპიკერს აერთიანებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორსა თუ გეოგრაფიულ არეალში მიღებულ უნიკალურ და ინოვაციურ გადაწყვეტილებებს ერთმანეთს უზიარებენ.
„რეიკიავიკის გლობალურ ფორუმზე ქალი ლიდერები მსჯელობენ და ცვლიან იდეებსა და იმ გზებს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების წინსვლა. მოხარული ვარ, რომ ეროვნული დელეგაციისთვის განსაზღვრულ დროში საშუალება მომეცა ფართო საზოგადოებისთვის გამეზიარებინა საქართველოს გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი გენდერული თანასწორობის მშენებლობაში წინ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ბუნებრივია, ყურადღება პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას დავუთმე და ინფორმაცია მივაწოდე ამის თაობაზე, მათ შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პოლიტიკაზე და ა. შ.“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
