პარლამენტის წევრების, მაგდალინა ანიკაშვილის და ჩიორა თაქთაქიშვილის სამუშაო შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან, ლევან ყუბანეიშვილთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარესთან, ლევან გახელიძესთან

შეიქმნება საპარლამენტო პოლიტიკური არხი, რომელიც ხელს შეუწყობს საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობას. საზოგადოებას საშუალება ექნება ინტერპრეტირების გარეშე მიიღოს პოლიტიკური ინფორმაცია, – სწორედ ეს იყო დღეს პარლამენტის წევრების, მაგდალინა ანიკაშვილის და ჩიორა თაქთაქიშვილის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორის ლევან ყუბანეიშვილთან და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელიძესთან სამუშაო შეხვედრის მთავარი საკითხი, სადაც მე–2 არხის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
მაგდალინა ანიკაშვილის განცხადებით, ეს პროექტი ხელს შეუწყობს პოლიტიკური კულტურის ამაღლებას. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია, თუ რომელი პოლიტიკური სუბიექტი ახერხებს უფრო ეფექტურად მოსახლეობის ინტერესების დაცვას. მისივე განცხადებით, საპარლამენტო არხი ფართოდ გააშუქებს საკანონმდებლო საქმიანობას, საკომიტეტო მოსმენებს, კომისიებისა და ფრაქციების მუშაობას, ასევე გარკვეული საათები დაეთმობა არასაპარლამენტო ოპოზიციას.
ამასთან, აუცილებელია სამთავრობო საათის არსებობა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის გასაშუქებლად. საზოგადოება უკომენტარო რეჟიმში ნახავს რას აკეთებს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლება ხალხისთვის. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ლევან გახელიძის განცხადებით, გარკვეული ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის შემდეგ დაიწყება მეორე არხის ფორმირება და აღნიშნული პროექტი ამოქმედდება. მისივე განცხადებით, უახლოეს თვეებში მოსახლეობის წინაშე წარდგენილი იქნება საბოლოო პროდუქტი პროგრამული ბადის სახით.
პარლამენტის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ამ პროექტთან დაკავშირებით იანვრიდან დაიწყება საჯარო განხილვები, პარლამენტში შეიქმნება ელექტრონული მისამართი [email protected] www.civilin.org/forum, სადაც განთავსდება საპარლამენტო არხის ფორმირებასთან დაკავშირებული საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები.
საპარლამენტო არხის კონცეფციის ჩამოყალიბება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პარლამენტის ინიციატივით შესწავლილ იქნება არხის განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრი. არსებობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება და შესაბამისი მოდელები, მაგრამ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, აუცილებელია არხის ფორმირების პროცესში ქართული საზოგადოების ჩართულობა.
