პარლამენტმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილება მიეცემა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის მოვალეობის შესრულება სრულად ან ნაწილობრივ მის მართვაში არსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს გადასცეს.
კანონის პროექტით ასევე განისაზღვრება, რომ საავტომობილო გზებთან დაკავშირებული ცალკეული ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
მზია გიორგობიანის განმარტებით, სახელმწიფო კომპანია საავტომობილო გზების მოვლა/შენახვას გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან მონაკვეთზე არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე - 138 ხიდსა და 59 გვირაბზე განახორციელებს.
პარლამენტმა კანონპროექტი 76 ხმით მიიღო.
