პარლამენტმა სარატიფიკაციო დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა, რომლებიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გააცნო.
კანონმდებლებმა 81 ხმით მიიღეს დადგენილების პროექტი „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი) რატიფიცირების შესახებ“.
შეთანხმება ევროპისა და რეკონსტრუქციის განვითარების ბანკის მიერ საქართველოსთვის 40 მლნ. ევროს ოდენობის სესხის 15 წლის ვადით გამოყოფას ითვალისწინებს.
„შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი“ განხორციელდება ასევე გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით, ევროკავშირის გრანტითა და საქართველოს თანადაფინანსებით.
პროექტი მიზნად ისახავს საჯარო სკოლების შენობების ენერგოეფექტურობის განახლება/მშენებლობას, რეკონსტრუქციასა და რეაბილიტაციას. პარლამენტმა 79 ხმით მიიღო დადგენილების პროექტი „2016 წლის 11 თებერვლის „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ №2 ცვლილების წერილ-შეთანხმების“ რატიფიცირების შესახებ“.
პროექტის ფარგლებში დასაფინანსებელი ღონისძიებების განხორციელებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მლნ. ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა.
აღნიშნული თანხით, გათვალისწინებული იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება; კერძოდ: გზების, წყალსადენების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, თბილისის სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია და ა.შ. ამ ეტაპისთვის მთლიანი თანხიდან ჩამორიცხულია 80 მლნ. ევრო.
2022 წლის 31 მარტს ხელი მოეწერა არსებული ხელშეკრულების №2 ცვლილების წერილ-შეთანხმებას, რომელიც ეხება სესხის ჩამორიცხვის ბოლო ვადის გადაწევას 2022 წლის 30 ივნისამდე და ფინანსური ხელშეკრულების დანართ ბ-ს ცვლილებას, რომელიც LIBOR-სა და EURIBOR-ის განმარტებებს ეხება.
დადგენილების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ რატიფიცირების შესახებ“ პარლამენტმა 80 ხმით მიიღო.
სასესხო შეთანხმება რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ საქართველოსთვის 97,7 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს 27,5 წლის ვადით.
აღნიშნული ფინანსური რესურსი საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობას მოხმარდება.
პარლამენტმა დადგენილების პროექტი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ რატიფიცირების შესახებ“ 82 ხმით მიიღო.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმებას ხელი 30 მარტს მოეწერა, რომლის ფარგლებშიც IBRD-მა საქართველოს 358,500.000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოუყო სესხის სახით.
პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური. აღნიშნული მიზნის ფარგლებში პროგრამა ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას შემდეგ სექტორებში: განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა.
