საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს

პლენარული სხდომები 18 თებერვალი 2026
პარლამენტში, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მოუსმინეს

საკანონმდებლო ორგანოში, ინტერპელაციის წესით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს მოუსმინეს.


ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ შეკითხვებზე, რომლებიც საქართველოში მიგრაციის, უცხო ქვეყნების მოქალაქეების ცხოვრების და მათი რაოდენობის განსაზღვრის საკითხებს, ასევე არალეგალურად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებულ მიდგომებს და უძრავი ქონების სფეროში დაანონსებულ მსხვილ პროექტებში მიგრაციულ გავლენებს შეეხებოდა, ფრაქციის თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

„უკანონო მიგრაცია, თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, ხელისუფლებას ამ მიმართულებით მკაფიო პოლიტიკა აქვს, ვინაიდან უკანონო მიგრაციასთან ეფექტური ბრძოლა, უსაფრთხოების გამოწვევის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამ გამოწვევის სწორად სამართავად საკანონმდებლო ორგანო და აღმასრულებელი ხელისუფლება ურთიერთშეთანხმებით მუშაობს, იმისთვის რომ დაცული იყოს მკაფიო ხაზი უკანონო მიგრაციასა და ქვეყანაში ლეგალურად მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სწორ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია. ამ მიზნით, ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ინტერპელაციის წესით, მიგრაციის საკითხთან დაკავშირებული შეკითხვებით მიმართა პრემიერ-მინისტრს, რათა საზოგადოება მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს და არ მოხდეს პოლიტიკური სპეკულაციების გზით დეზინფორმაციის გავრცელება", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

პრემიერ-მინისტრმა თავისი გამოსვლა სტატისტიკური მონაცემების გაცნობით დაიწყო და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონ 914 ათასი ადამიანია და აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. მისივე თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ცხოვრების ზუსტი სტატისტიკა 25 ივნისს გამოქვეყნდება და მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო შემცირდება.

„საქართველოში იმიგრაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. პირველი - საქართველო არის ტურისტული ქვეყანა და ასეთ პირობებში, რთულია მიგრაციული პროცესების მართვა. მოგეხსენებათ, უცხოელებისთვის განათლების სისტემა გახსნილია და საქართველოში დღეს 37 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტი გაჩერდებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე არ არის ქართველი მუშახელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ბინადრობის სხვადასხვა ნებართვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვით 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქე სარგებლობს.

„რაც შეეხება სტატისტიკას, უშუალოდ ბინადრობის ნებართვის მიმართულებით, 32 129 ადამიანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. მინდა დავაზუსტო, რომ მათი დიდი ნაწილი საქართველოს ყოფილი მოქალაქეები და ქართული გვარის მქონე პირები არიან. საზღვრის კვეთის სტატისტიკის თანახმად, ეს მაჩვენებელი არის დაახლოებით 30%. ანუ რუსეთის მოქალაქეების 30%, რომლებიც უცხოელის სტატუსით იმყოფებიან საქართველოში, არიან რეალურად ქართველები.
მეორე ადგილზეა ინდოეთი - 23 930 პირზეა გაცემული ბინადრობის ნებართვა და მათი უდიდესი უმრავლესობა სტუდენტებია, რომლებიც სწავლობენ საქართველოში.
მესამე ადგილზეა - აზერბაიჯანი 6,3%-ით, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი უდიდესი უმრავლესობა საქართველოდან გასული აზერბაიჯანელია, რომელიც დღეს აზერბაიჯანის მოქალაქეობას ფლობს და დაბრუნდა საქართველოში.
რაც შეეხება უკრაინას, ბინადრობის ნებართვით 6 290 ადამიანი სარგებლობს, თუმცა დამატებით ბინადრობის ნებართვის გარეშე, ჩვენი სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე, ლტოლვილის რეალური სტატუსით საქართველოში დამატებით 25 000-მდე უკრაინელი ცხოვრობს. მთლიანობაში საქართველოში უკრაინელების რაოდენობა არის 30 000-მდე, საიდანაც 6 290 აქვს ბინადრობის ნებართვა, 25 000-მდე უკრაინელს ბინადრობის ნებართვის გარეშე აქვს მინიჭებული საქართველოში ყოფნის შესაძლებლობა.
5 000-ზე მეტ სომხეთის მოქალაქეს აქვს ბინადრობის უფლება. ჩვენი ვარაუდით, ეს პირები თავის დროზე გავიდნენ საქართველოდან, მიიღეს სომხეთის მოქალაქეობა და შემდეგ დაბრუნდნენ უკან.
ბელარუსის 3 738 მოქალაქეს აქვს მინიჭებული ბინადრობის ნებართვა, თურქეთის - 3 645 მოქალაქეს, ირანის - 3 331 მოქალაქეს, სუდანის, იორდანიის, პაკისტანის და ეგვიპტის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ბინადრობის უფლებით სარგებლობენ, ძირითადად სამედიცინო და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებია. რაც შეეხება 2000-ზე მეტ ჩინეთის მოქალაქეს, ისინი ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არიან დასაქმებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა ბინადრობის ნებართვების სტატისტიკური მონაცემებიც წარმოადგინა და სასწავლო, მუდმივი, შრომითი, მოკლევადიანი და სპეციალური ბინადრობის ნებართვების გაცემის პირობებზე ისაუბრა და ის მიზეზები განმარტა, რომლის საფუძველზეც შესაბამისი ნებართვები გაიცემა.

ირაკლი კობახიძე უკანონო მიგრაციის საკითხებს შეეხო და აღნიშნა, რომ დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 20 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს და საქართველოდან მათი გაყვანის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახური შესაბამის ღონისძიებებს ახორციელებს.

„გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე 10 წლის განმავლობაში. ჩვენი გეგმის მიხედვით, კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და 2026 წლის განმავლობაში, ვფიქრობთ, მოხერხდება უცხოელი არალეგალი მიგრანტების დაახლოებით 20%-ის გაძევება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ახალი კანონმდებლობის თანახმად, 1000-დან 3000 ლარამდე გაზრდილი ჯარიმები დადგინდა და ფულად ჯარიმებთან ერთად, შესაბამისი სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე შემოსვლის აკრძალვა დაწესდა.

„სამართალდარღვევის შინაარსიდან გამომდინარე, 6 თვიდან 3 წლამდე შემოსვლის აკრძალვა არის გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომის სახით. ასეთი აკრძალვა გასული წლის 1 ოქტომბრიდან 2 331 პირს დაუწესდა. ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის შემთხვევაში, ცალკე პასუხისმგებლობა დადგინდა, როგორიც არის გაძევება და 2-დან 20 წლამდე ვადით შემოსვლის აკრძალვა, გამომდინარე სამართალდარღვევის კატეგორიიდან. საქართველოში პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული, სასჯელის სახით ასეთი ზომა 52 პირს შეეფარდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ, ინტერპელაცია კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.


ირაკლი კობახიძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა
12 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, საფარის და ზარზმის მონასტრებს ესტუმრა

მსგავსი

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა
12 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა გაერო-ს შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების კონფერენციაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის მხარეში იმყოფება

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
11 ივნისი 2026

რატი იონათამიშვილმა და თორნიკე ფაღავამ შშმ პირთა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია
11 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლის შემდეგაც ქრისტიანული რწმენა, ტრადიციები და ფასეულობები ჩვენი ეროვნული იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვანი საყრდენია

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R