საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებას.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა, კანონპროექტით წესრიგდება სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის სტატუსი.
მისი თქმით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის ჩამონათვალს ემატება სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობა, მართვა და დახურვა.
„შესაბამისად, ისევე როგორც არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში, სახიფათო ნარჩენების შემთხვევაშიც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედი მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იქნება ის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განახორციელებს და სახიფათო ნაგავსაყრელების მოწყობას, მართვას და დახურვას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა მომხსენებელმა.
ზურაბ ეზუგბაიას განცხადებით, კანონპროექტით კოდექსში ჩნდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევებისთვის, სახიფათო ნარჩენების დროებით შენახვის ვადის ერთჯერადი, არაუმეტეს ერთი წლით გაგრძელების უფლებამოსილება ენიჭება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ გარემოს ეროვნულ სააგენტოს. მთავრობის დადგენილებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებით შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადით გაგრძელება.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებულია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის ვადების ჰარმონიზაცია. ამასთან, კანონპროექტი შეიცავს მთელ რიგ ცვლილებებს, რომლებიც ნარჩენების მართვის კოდექსში ასახული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განსაზღვრებებსა და სანქციებს შეეხება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაამტკიცა 27 აპრილს, კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები.
აუდიტის ჯგუფმა გუშინდელ სხდომაზე სს „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის“ 2022-2023 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტისა და სსიპ-„სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ 01.01.2022-31.12.2023 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილა.
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიმართ გაცემული იყო 11 რეკომენდაცია, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს“ მიმართ - 3 რეკომენდაცია.
