საქართველოს პარლამენტი

  • სასარგებლო ბმულები
  • პარლამენტი
    პლენარული სხდომები
    ბიურო
    კომიტეტები
    ფრაქციები
    პოლიტიკური ჯგუფები
    საპარლამენტო უმრავლესობა
    საპარლამენტო ოპოზიცია
    უფრაქციო პარლამენტის წევრები
    კომისიები, საბჭოები
    საპარლამენტო დიპლომატია
    აპარატი
    სასწავლო ცენტრი
  • პარლამენტის წევრები
  • კანონმდებლობა
  • ზედამხედველობა
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • ჩაერთე
თარიღით ძებნა

საქართველოს პარლამენტი

ძიება
  • English
  • სიახლეები
  • ანონსი
  • პირდაპირი ეთერი
  • ვიდეოგალერეა

შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის პატივია, ვისაუბრო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე პარლამენტების მნიშვნელობის თაობაზე მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების ხელშეწყობაში

თავმჯდომარე 24 ოქტომბერი 2023
შალვა პაპუაშვილი - ჩემთვის პატივია, ვისაუბრო საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე პარლამენტების მნიშვნელობის თაობაზე მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების ხელშეწყობაში

„ჩემთვის პატივია, ვისაუბრო პარლამენტების მნიშვნელობის თაობაზე მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების ხელშეწყობაში. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ამჟამინდელი ძალადობრივი კონფლიქტები ძირს უთხრის მსოფლიო მშვიდობასა და კეთილდღეობას, რასაც დამანგრეველი შედეგები აქვს საზოგადოებებისათვის, განსაკუთრებით, მოსახლეობის სოციალურად მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში იმართება. ასამბლეის მუშაობაში 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს.

 

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამჟამინდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, უკეთ ვიაზრებთ მშვიდობის ფასს.

 

„ჩვენ, პარლამენტების თავმჯდომარეებს, განსაკუთრებული როლი შეგვიძლია შევასრულოთ კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის, ღია და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების გაძლიერების საქმეში, რათა ხელი შევუწყოთ მოსახლეობისთვის მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს ჩამოყალიბებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ დემოკრატიის სიძლიერე მისი ინსტიტუტების სიძლიერეზეა დამოკიდებული.

 

მისივე თქმით, სტაბილური სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიის ქვაკუთხედი და ნებისმიერი წარმატებული საზოგადოების დასაყრდენია.

 

„ინსტიტუტები იცავს ინდივიდუალურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უწყობს მმართველობის თანმიმდევრულობას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, აგრეთვე, უზრუნველყოფს პოლიტიკისა და კანონების სამართლიან და ეფექტიან აღსრულებას. აღნიშნული ინსტიტუტების გარეშე, დემოკრატია მოწყვლადი ხდება. სწორედ ეფექტიანი ინსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებამ გახადა საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეფექტიანი და ინოვაციური საჯარო სერვისების, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების და სხვა მიმართულებებით. საქართველოს პროგრესი კარგად არის ასახული გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში. თუმცა, უკანასკნელ წლებში, მზარდი დეზინფორმაციული კამპანიების მომსწრე გავხდით, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას, სიმართლის დამახინჯებასა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის ძირის გამოთხრას. აღნიშნული მიღწევების მიუხედავად, საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, საგარეო მიმართულებით, რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საქართველოს ორი ისტორიული ნაწილის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ოკუპაციით, უარს აცხადებს საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე და ადგილზე ინარჩუნებს არასტაბილურობასა და კრიმინალურ აქტივობებს.

 

„ეს უნდა დასრულდეს. საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ღირებულებების უპატივცემულობა პანდორას ყუთს ხსნის, რის გამოც მთელი მსოფლიო შეიძლება არნახულ ქაოსში გაეხვიოს. უმნიშვნელოვანესია თითოეული თქვენგანის ძლიერი ხმა საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ამ მხრივ, მადლიერები ვართ, რომ ბევრი თქვენგანის სოლიდარობით, 2023 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეკორდულად დიდი რაოდენობის მხარდამჭერი ხმა მიიღო. გთხოვთ, გააგრძელოთ ეს მხარდაჭერა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ მზარდ შიდა რადიკალიზმსა და პოპულიზმს უნდა გავაგრძელოთ დეზინფორმაციულ ნარატივთან ბრძოლა.

 

„ბევრი ითქვა დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზებზე, ამიტომ მე მეტ ყურადღებას დავუთმობ კომუნიკაციასა და ხალხთან წვდომას. მართლაც, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია. საქართველოს პარლამენტი დიდ ძალისხმევას წევს მოსახლეობასა და პარლამენტს შორის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების გაძლიერებაში ღია, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის განვითარებით. მაგალითად, საქართველოს პარლამენტი გლობალურ დონეზე მოწინავე ქვეყნებს შორისაა ღია მმართველობის კუთხით. ჩვენ, აგრეთვე, გავაფორმეთ შეთანხმება პლატფორმასთან, რომელიც წარმოადგენს საქართველოს რეგიონებსა და სხვადასხვა სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდეს უმრავლესობას, რათა უზრუნველვყოთ უფრო ინკლუზიური, ღია და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს პარლამენტის ღიაობისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად და პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფენ საპარლამენტო პროცესებისადმი წვდომას, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ.

 

მისივე განმარტებით, პარლამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას იმის გაცნობიერებით, რომ მშვიდობის, მართლმსაჯულებისა და ძლიერი ინსტიტუტების გარეშე, რთული იქნება პროგრესის მიღწევა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზაზე.

 

„ჩვენ ვმუშაობთ სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსებაზე, რათა ხელი შევუწყოთ თანამშრომლობას პარლამენტს, სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის და წავახალისოთ საპარლამენტო პროცესებში ახალგაზრდობის უფრო აქტიური ჩართულობა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

მისივე თქმით, ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში დიდია სახელმწიფო ინსტიტუტების როლი. ეს ინსტიტუტები ის საყრდენია, რომელიც განამტკიცებს დემოკრატიის პრინციპებს, იცავს მოქალაქეთა უფლებებს და უზრუნველყოფს მთავრობის სათანადო ფუნქციონირებას.

 

„ჩვენ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა, არსებულ არასტაბილურ გარემოში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი დემოკრატიის დასაცავად, შიგნით თუ გარეთ სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერის გზით. ასე შევძლებთ განვითარების, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. გიდასტურებთ აღნიშნულ საკითხებზე თქვენთან თანამშრომლობის და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარების მზაობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

ამობეჭდვა

გამოიწერე სიახლეები

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა
22 ივნისი 2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსს მოუსმინა

მსგავსი

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა
22 ივნისი 2026

შალვა პაპუაშვილი „ჯარის ბანაკის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო
22 ივნისი 2026

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის 33-ე გენერალურ სხდომას დაესწრო

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა
22 ივნისი 2026

გურამ მაჭარაშვილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება
22 ივნისი 2026

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის განსაზღვრული ჯარიმების შემცირებას შეეხება

საქართველოს პარლამენტი

  • დასაქმება
  • მედია
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • კომიტეტები
  • ბიურო
  • კომისიები და საბჭოები
  • ფრაქციები
  • ზედამხედველობა
  • საბიუჯეტო ოფისის ვებგვერდი
© 2019 საქართველოს პარლამენტი Read about our approach to external linking.
Crafted By Leavingstone Leavingstone
კონტაქტი

საქართველოს პარლამენტი

Leavingstone
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესებისთვის და ვებგვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად
+
A
-
A
A
A
a
A
R