სულხან მახათაძემ საპარლამენტო საქმიანობის შესახებ მოსახლეობას ანგარიში წარუდგინა

ჭიათურის მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა, სულხან მახათაძემ, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
პარლამენტის წევრმა ისაუბრა თავის მუშაობაზე როგორც პარლამენტში, ასევე კომიტეტებში.
მაჟორიტარმა დაასახელა პრიორიტეტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტისთვის. მათ შორის: ეკოლოგიური პრობლემები, შრომის უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა, სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება და ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის საკითხი.
პარლამენტის წევრმა მოსახლეობას გააცნო ყველა ის ცვლილება, რაც დღეის მდგომარეობით პარლამენტმა კანონმდებლობაში განახორციელა, ასევე ისაუბრა სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებზეც. აღნიშნა იმ პროექტებისა და საკითხების შესახებ, რაც უშუალოდ მისი ჩართულობით გადაიჭრა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დროსაც მოსახლეობის მხრიდან გამოიკვეთა ისეთი საკითხები, რაც მათთვის პრობლემას წარმოადგენს. განსაკუთრებით ყურადღება გამახვილდა სოფლებისათვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებასა და ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით.
სულხან მახათაძემ ხაზი გაუსვა მის თანამშრომლობას როგორც ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ასევე სამთავრობო უწყებებთან, მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რითაც უფრო დროულად და ეფექტურად ხდება არსებული პრობლემების მოგვარება.
შეხვედრის დასასრულს პარლამენტის წევრმა მადლობა გადაუხადა მოსახლეობას და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს (NDI) რომლის მხარდაჭერითაც განხორციელდა შეხვედრა.
