სვეტლანა კუდბამ სამეცნიერო კონფერენციაში - „აფხაზები აჭარაში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრმა, სვეტლანა კუდბამ მონაწილეობა მიიღო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაში - „აფხაზები აჭარაში“.
დეპუტატმა კონფერენციაზე კონფლიქტების მოგვარებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესთან მიმართებაში ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა.
სვეტლანა კუდბამ თავის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა სამეცნიერო და კულტურული პროექტების უდიდეს მნიშვნელობას, ქართულ-აფხაზური დიალოგის წარმართვისა და ორ მოძმე ხალხს შორის მეგობრული კავშირების აღდგენის საკითხში.
კონფერენციაზე, მკვლევარებმა მოხსენებები წარადგინეს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტით - „აფხაზები აჭარაში“ ფარგლებში წარმოებული კვლევების შედეგებზე. სამეცნიერო პროექტის მიზანია აჭარაში აფხაზთა თავდაპირველი გადმოსახლების, მიგრაციის, აჭარაში ცხოვრების ისტორიული, ეკონომიკური თუ სხვა ხასიათის თავისებურებების გაანალიზება. კვლევები ასევე ითვალისწინებს მოახალშენეთა და ადგილობრივთა თანაცხოვრების იმ კულტურულ–ეთნოგრაფიულ პლასტების შესწავლას, რომლებიც ხალხურ მეხსიერებაში არსებობს.
„აფხაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეთნიკურ მოზაიკაში. XIX საუკუნეში მათი მიგრაციის ისტორია კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან და რუსეთ-ოსმალეთის ომებთან იყო დაკავშირებული. მუჰაჯირი აფხაზები სახლდებოდნენ როგორც ოსმალეთის შიდა პროვინციებში, ასევე - განაპირას, სამშობლოსთან ახლოს. აჭარა მაშინ ოსმალეთის შემადგენლობაში იყო და ლტოლვილი აფხაზების ნაწილი აქ დასახლდა“ - განაცხადა კონფერენციაზე სვეტლანა კუდბამ.
დასასრულს, დეპუტატმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებსა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფს, რომლებიც ახორციელებენ სამეცნიერო პროექტს - „აფხაზები აჭარაში“, ამასთან აღუთქვა მხარდაჭერა მსგავსი პროექტების განხორციელებაში.
