ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის და სენატის წევრებს, ასევე აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კომპანია „ფრონტერას“ საკითხზე წერილით მიმართავს და წერილის ადრესატებს საკითხის უკეთ გარკვევისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ყურადღებით ვაკვირდები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი გამოგზავნილ წერილებს. ვიზიარებ მათ პათოსს დემოკრატიულ ღირებულებებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ყურადღებას ამახვილებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დანაპირები არ შეასრულა და პროპორციულ არჩევნებზე უარი თქვა. ვიზიარებ იმასაც, რომ კანონის უზენაესობა ქვეყანაში არ არის გარანტირებული, მაგრამ ჩვენ ეს საკითხები უნდა გავმიჯნოთ ამერიკული კომპანიების საქმიანობიდან გამოწვეული საკითხებისგან. ჩემს წერილში, რომელსაც დღეს ვაგზავნი, მინდა ამერიკელ კონგრესმენებს მოვუწოდო, რომ ყურადღებით დააკვირდნენ აქ მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამერიკელი კონგრესმენი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, პატივი სცეს ქართველ ხალხს, პატივი სცეს ქართველ მშრომელებს, იმიტომ რომ როდესაც კომპანია „ფრონტერას“ მხარდაჭერაზეა საუბარი, მათ კარგად უნდა შეისწავლონ ამ კომპანიის საქმიანობა და კომპანიაში დასაქმებულთა საკითხები, რომლებსაც 11 თვის ხელფასი არ აუღიათ და საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ დათხოვნილნი არიან კომპანიიდან“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის წევრის ბრიფინგს კომპანია „ფრონტერას“ უკვე გათავისუფლებული თანამშრომლები დაესწრნენ, რომლებმაც მძიმე სამუშაო პირობებზე, უხელფასოდ მუშაობის სოციალურ პრობლემებზე და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის საკითხებზე ისაუბრეს.