ბექა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა მერიის დაგეგმილ რეფორმებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა, რომელიც ძირითადად თბილისში პარკირების ახალი წესების ამოქმედებას, ტაქსის მძღოლების დაჯარიმებას და ტაქსებზე რეკლამების განთავსებას ეხებოდა.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ტაქსის მძღოლი გუშინ, 1 ოქტომბერს, უსამართლოდ დაჯარიმდა გამომდინარე იქიდან, რომ ორაზროვანი იყო ზოგადად მითითება ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით.
„ლიცენზიის ვადა იწურებოდა 1 ოქტომბერს, როგორც ეს სალიცენზიო დოკუმენტით არის განსაზღვრული და რადგან ისინი არ იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მხოლოდ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე ჰქონდათ უფლება, რომ ესარგებლათ თავიანთი ლიცენზიით, მოხდა ისე, რომ ტაქსების მფლობელთა უმრავლესობა, რომლებსაც არ ჰქონდათ გადაღებილი ტაქსები და არ იყვნენ დაქვემდებარებული მერიის მიერ გაცემულ განკარგულებას - დააჯარიმეს. ეს არის არასწორი. უნდა ყოფილიყო საკმაოდ მკაფიო მითითება რომ მათ ჰქონდათ უფლება ესარგებლათ თავიანთი ლიცენზიით არა ვთქვათ 1 ოქტომბრის ჩათვლით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ 30 სექტემბრის ჩათვლით“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ამის გამო, ის პარლამენტის წევრების ხელმოწერების შეგროვებას იწყებს, რათა მიმართოს პრემიერ-მინისტრს და თბილისის მერიას, რომ ეს ადამიანები გუშინდელი ჯარიმებისგან, რომლებიც უსამართლოდ იყო გამოწერილი, გათავისუფლდნენ.
ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია საკითხი რეკლამებზე და მათი განთავსების ვალდებულებაზე ზოგადად ტაქსებზე.
„ხშირ შემთხვევაში კაზინოს და ონლაინ თამაშების, ასევე აზარტული თამაშების რეკლამების განთავსება შეუთავსებელია მათ შეხედულებებთან და ეს უქმნის მათ დიდ უხერხულობას. რა თქმა უნდა, როგორც მათ, ისე ჩვენ გვაქვს სურვილი და მოწადინებული ვართ ზოგადად, რომ ეს რეკლამები არ იყოს მთელ ქალაქს მოდებული’, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, მას, როგორც ყოფილი კრწანისის რაიონის, რომელიც დღეს ძველი თბილისის ნაწილია, მაჟორიტარ დეპუტატს, აწუხებს აქ პარკირების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემა, რაც წითელი ხაზების დაუდგენლობასთან არის დაკავშირებული.
„პრობლემა გამომდინარეობს იქიდან, რომ წითელი ხაზები არ არის დადგენილი და იქ მცხოვრებლებს აჯარიმებენ. მე მოვუწოდებ მერიას, რომ სანამ არ მოაგვარებს წითელი ხაზებთან დაკავშირებულ პრობლემას, არ დაადგნენ ამ წითელ ხაზებს, მათ შეწყვიტონ ამ მოქალაქეთა დაჯარიმება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება პარკირების ახალ რეგულაციებზე ლაპარაკი ძველ თბილისში, სხვა შემთხვევაში უსამართლოდ ხდება ამ ადამიანების დაჯარიმება“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.