პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს

საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ გამართეს, განცხადებები უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ რამდენიმე აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გაკეთდა.
ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ სამძიმარი გამოთქვა არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო და ქართველ და ოს ხალხს კეთილგონიერებისკენ და პირდაპირი გზით დიალოგისკენ მოუწოდა.
„მინდა მივუსამძიმრო არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ეს არის ტრაგედია და ასეთი ტრაგედიები აზიანებს ქვეყნის გამთლიანების პერსპექტივას. ადამიანებმა, ვინც არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს, შეასრულეს იმ დესტრუქციული ძალების დავალება, რომლის მიზანია ჩატყდეს ის ხიდი ქართველ და ოს ხალხს შორის, რომლის აღდგენაც შედის საქართველოს ინტერესში და ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია. ქართველებმა და ოსებმა ამ მძიმე დღეებში უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება და ერთმანეთი არ დავკარგოთ. პირდაპირი დიალოგი არის ერთადერთი საშუალება ქართველებსა და ოსებს შორის აღვადგინოთ ის მეგობრული ურთიერთობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.
ბრიფინგზე განცხადებები ბორჯომის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებითაც გაკეთდა. პარლამენტის წევრთა განცხადებით, ფრაქციის წარმომადგენლები ბორჯომში არ ჩასულან ერთადერთი მიზეზით, არ მომხდარიყო ვითარების ესკალაცია. „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ბორჯომში ყოფნის ფაქტი კი ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად შეაფასა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა ხელისუფლებას, ბორჯომის საკრებულოში არსებული კრიზისის მოგვარებისთვის ნაბიჯების გადადგმისა და მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
„არავითარი ხელახალი არჩევნების დანიშვნის რეალობა და აუცილებლობა ბორჯომში არ არის. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობაში თბილისიდან ლიდერების ჩარევა სწორი არ არის. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენს არა „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ან „ლეიბორისტული პარტია“, არამედ უმრავლესობაშია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. ჩვენ პატივს ვცემთ ბორჯომის საკრებულოს, ბორჯომის საკრებულოს დეპუტაციას და დარწმუნებული ვართ მათ კომპეტენციაში. მათ ჩვენი დახმარება ჩვენი ჩასვლის სახით, არ სჭირდებათ. მინდა მოვუწოდო „ქართულ ოცნებას“ დასხდნენ ერთ მაგიდასთან და მონახონ საერთო ენა“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თემასაც შეეხო. მისი თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონი პარლამენტს აძლევს იუსტიციის საბჭოს იმ წევრთა გამოწვევის უფლებას, ვინც საკუთარ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს.
„მე წერილობით უკვე მივმართე პარლამენტის თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით. პარლამენტის ბიუროზე უახლოეს დღეებში დავაყენებთ საკითხს, რომ მოხდეს გამოწვევა და სათანადო სამართლებრივი პროცედურების დაწყება საბჭოს ორი წევრის მიმართ. ამით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული წევრები მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. მისივე თქმით, კანონმდებლობაში ამ მიმართულებით ძირეული ცვლილებებია გასატარებელი.
ირმა ინაშვილი თბილისში, სავაჭრო ობიექტებზე გაჩენილ ხანძრების თემასაც შეეხო. მისი თქმით, სავაჭრო ობიექტებზე გაჩენილი ხანძრების მთელი ამ ციკლის უკან სავარაუდოდ, გარკვეული ბიზნეს-ინტერესები დგას და აუცილებელია ფაქტს მიეცეს დივერსიის კვალიფიკაცია, გაერთიანდეს ერთ საქმეში და საზოგადოებამ გამოძიების შედეგი ნახოს. „ამ ვითარებაში ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია შეიქმნას სამთავრობო კომისია, სადაც ყველა შესაბამისი მინისტრი იქნება გაერთიანებული. ჩვენც მზად ვართ ჩავერთოთ ამ კომისიის მუშაობაში. უნდა აღირიცხოს რამდენი დაზარალებულია ამ ხანძრების შედეგად, რა მასშტაბისაა მათი ზარალი და რა რესურსები გვაქვს რომ ამ ადამიანებს დავეხმაროთ. თუ არ მოხდა ამ ვითარების შესწავლა, გამოდის, რომ ჩვენ უარს ვამბობთ ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებაზე“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილის განცხადებით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ბრიფინგებს თვეში ორჯერ გამართავენ და მედიის შეკითხვებს გასცემენ პასუხს.