გედევან ფოფხაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის საჯარო სკოლის, სურამის მე-2 სკოლის და ხაშურის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გედევან ფოფხაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის ივანე ხრიკულის სახელობის საჯარო სკოლის, სურამის მე-2 სკოლის და ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს შეხვდა.
გედევან ფოფხაძემ ახალგაზრდებს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და იმ პრინციპებზე ისაუბრა, რომლითაც საპარლამენტო საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს კომიტეტი. პარლამენტის წევრმა შეხვედრაზე საკანონმდებლო ორგანოს ძირითად ფუნქციაზე, მნიშვნელობაზე და საქმიანობაზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს საკანონმდებლო პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. გედევან ფოფხაძე იმ საკანონმდებლო სიახლეებსაც შეეხო, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.
მოსწავლეები საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობით დაინტერესდნენ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ადამიანის იმ ფუნდამენტური უფლებებზე გაამახვილა ახალგაზრდების ყურადღება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის აღიარებული და დაცული.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მისამართით მოსწავლეების მიერ დასმული შეკითხვები ძირითადად კანონშემოქმედებით საქმიანობას, პარლამენტის რეგლამენტს და საარჩევნო კოდექსს შეეხებოდა.
„ახალგაზრდები პარლამენტის ხშირი სტუმრები არიან და ჩვენ მათ უნდა მივცეთ საშუალება გაითავისონ და გაიაზრონ რა სახის სამუშაო ხორციელდება ამა თუ იმ საპარლამენტო კომიტეტში. იმისათვის, რომ ადამიანი იყოს მოქალაქე და ჰქონდეს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, საჭიროა იცოდნენ ქვეყანაში რა პოლიტიკური და საკანონმდებლო პროცესები მიდის.
ის, რომ ახალგაზრდა თაობა საპარლამენტო მუშაობით არის დაინტერესებული, კარგია. ქვეყანაში სამოქალაქო განათლების სწავლება მხოლოდ სკოლის ოთახებში არ არის საკმარისი. სწორედ სამოქალაქო განათლების მიღებისთვისაა საჭირო იმ სახელმწიფო ინსტიტუციების შესწავლა, რომლებიც ქვეყანაში სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავენ და ეს სწორედ ასეთი ურთიერთობებით მიიღწევა“, - განაცხადა მოსწავლეებთან შეხვედრის შემდეგ გედევან ფოფხაძემ.
დასასრულს, პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებს მათ შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და დაინტერესების შემთხვევაში თანამშრობლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
