დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თეიმურაზ ჭკუასელის შეხვედრა ჩრდილოკავკასიელი ხალხების წარმომადგენლებთან

საქართველოსა და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის სამომავლო კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები, ქართული და ჩრდილოკავკასიური დიასპორების კავშირები, მათი თანამშრომლობის პერსპექტივები და არსებული პრობლემები იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც დღეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, თეიმურაზ ჭკუასელსა და ჩრდილოკავკასიელი ხალხის წარმომადგენლებს შორის გაიმართა.
საუბარი ქართველთა და ინგუშთა მრავალსაუკუნოვან ურთიერთობას შეეხო და ითქვა, რომ აუცილებელია, საერთოდ, ქართულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობათა, განსაკუთრებით, კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება, სამეცნიერო წრეების დაახლოება.
ყურადღება გამახვილდა კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე კავკასიის რეგიონის სტუდენტების მიერ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.
დელეგაციის წევრები საქართველოში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით იმყოფებიან და მათი განცხადებით, ვიზიტი შეგნებულად დაამთხვიეს ამ თარიღს, რომ საქართველოსთვის დამოუკიდებლობის დღე მიელოცათ.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თეიმურაზ ჭკუასელმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველებსა და ინგუშებს შორის არსებული ისტორიული კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება. მისი განცხადებით: “ჩვენს მეზობლებთან მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.
შეხვედრას პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური და ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი მერაბ ჩუხუა ესწრებოდნენ.
