საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თედო ჯაფარიძის განცხადება
მთელი ქართული საზოგადოება გააოცა ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებამ, რომელიც მან ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლის საკითხს შეეხება.
დღემდე ყველა ევროპულმა სტრუქტურამ პოზიტიურად შეაფასა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომლის გამოხატულებაც იქნება სავიზო რეჟიმის გაუქმება. ისმის კანონზომიერი კითხვა: ვის ინტერესებში შედის მსგავსი განცხადება და შეფასებები? ვინ შეიძლება იყოს დღეს საქართველოს პროდასავლური კურსის წინააღმდეგი? ვფიქრობ, პასუხი აშკარაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციური ძალა, კერძოდ კი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, თავის პარტნიორებს სახალხო პარტიიდან არასწორ, ცალმხრივ ინფორმაციას აწვდის ჩვენს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. მსგავსი ქმედება ხშირად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აგდებს სახალხო პარტიის წარმომადგენლებს და არა მხოლოდ მათ.
ჩვენი ღრმა რწმენით, საერთაშორისო ორგანიზაციები არ უნდა იქცეს საქართველოს შიდაპოლიტიკური ბატალიების არენად, არამედ იყოს ინსტრუმენტი კონსოლიდაციის, საქართველოს ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ, რომლის გამოძახილიც იქნება ევროპასთან სავიზო რეჟიმის გაუქმება.
სწორედ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, მისი ურყეობის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე ისაუბრებს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აპრილის სესიაზე. ჩვენ კი კვლავაც ვადასტურებთ მზაობას მივიღოთ ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მათ შორის, სახალხო პარტიიდან, რომელთანაც მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ და თავად დარწმუნდნენ ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და რეფორმებში.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი დაული უკვე დიდი ხანია რაც აღარ არის ევროპარლამენტის ფრაქცია „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარე და არც ევროპარლამენტის წევრი. ის გახლავთ პარტიის პრეზიდენტი. მას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ევროპარლამენტის გადაწყვეტილებაზე. ჩვენი ინფორმაციით, ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპასთან უვიზო რეჟიმის შესახებ. ამდენად, ბატონი დაულის განცხადება მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია.
სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე დიდხანს და ეფექტურად მუშაობდა ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი. ეს მთელ ქართველ ხალხს ეკუთვნის და მის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს. რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ სხვათა მხრიდან მინიშნებების გარეშეც ერთგულია დემოკრატიის ყველაზე მაღალი მოთხოვნებისადმი.
