საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი შეიქმნა 1995 წლის 1 დეკემბერს.
იმ დროისთვის, კომიტეტი აერთიანებდა კულტურისა და სპორტის მიმართულებებსაც. 2008 წელს, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი, ხოლო, 2021 წლის 16 მარტს, პარლამენტის რეგლამენტში შესული ცვლილების საფუძველზე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი გაიყო და ცალკე ჩამოყალიბდა განათლებისა და მეცნიერების, მისგან დამოუკიდებლად, კი, კულტურის კომიტეტი.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ახორციელებს კანონის პროექტებისა და საკანონმდებლო წინადადების შემუშავებასა და განხილვას, ასრულებს სხვადასხვა პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას მისთვის მიკუთვნებული კომპეტენციის სფეროების მიხედვით. ახორციელებს საზედამხედველო საქმიანობას ისეთი მექანიზმებით, როგორიცაა პარლამენტის წევრის კითხვა, თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრება კომიტეტის სხდომაზე, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, თემატური მოკვლევა და სხვა. პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების უკეთ წარმართვისათვის, პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომიტეტმა განსაზღვრა თემატური მომხსენებლები თავიანთი პასუხისმგებლობის გამოკვეთილ სფეროებში და სამუშაო პროცესში მათი აქტიური ჩართულობა, საერთო ჯამში, უზრუნველყოფს კომიტეტის ეფექტიან საქმიანობას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.
კომიტეტში მიმდინარე პროცესები გამოირჩევა განსაკუთრებული გამჭვირვალეობით. რეფორმების განხილვისას უზრუნველყოფილია მედიის ჩართულობა და ღია მმართველობის პრინციპებზე დაფუძნებულ საკანონმდებლო საქმიანობა.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აკონტროლებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს. მუშაობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე და ახდენს საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირებას.
კომიტეტში შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, ისე, დარგის სპეციალისტები.
კომიტეტის მიზანია, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად აქტიურად იმუშაოს განათლებისა და მეცნიერების ყველა მიმართულებით, მაღალი ჩართულობით უზრუნველყოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა, რაც, საბოლოო ჯამში, ემსახურება არსებული საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებას განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით.