ანა ნაცვლიშვილმა სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზის საფუძველზე შეფასების დოკუმენტი მოამზადა

საპარლამენტო ჯგუფის „ლელო-საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა 2013-2021 წლებში სასამართლოს მიმართულებით გატარებული ცვლილებების ანალიზის საფუძველზე შეფასების დოკუმენტი - დასკვნა მოამზადა.
დოკუმენტი სასამართლო რეფორმების პროცესში ავტორის მრავალწლიან გამოცდილებას, კანონების და კანონპროექტების ანალიზს, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს, სასამართლოს დამოუკიდებლობის თემაზე საერთაშორისო კონვენციების/დეკლარაციების ანალიზს ემყარება.
„დოკუმენტი აჩვენებს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის კონსტიტუციური ვალდებულება და რეფორმის პოლიტიკური დაპირება შეუსრულებელია. „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა კანონები, მაგრამ უცვლელი დატოვა უსამართლო სისტემის ორი მთავარი საყრდენი რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ებრძოდა და აკრიტიკებდა: დისკრედიტირებული სასამართლო კორპუსი და სასამართლო სისტემის მართვის მანკიერი სისტემა. ამ ორი კომპონენტის უცვლელობამ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ძალა გამოაცალა.
დღეს უკვე ნათელია რომ ჩავარდნილი ცვლილებები არის არა სწორი მიზნების ვერ განხორციელების სავალალო შედეგი, არამედ სასამართლოს გათავისუფლების რეალური პოლიტიკური ნების არქონის შედეგი.
ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ სასამართლოს მიმართ კრიტიკა ეფუძნება პირთა მცირე წრის აღქმებს, და არა ფაქტებს სასამართლოში არსებული მწვავე პრობლემების შესახებ. სიმართლე იმაშია, რომ არაერთი ფაქტი და დოკუმენტირებული ტენდენცია მიუთითებს სასამართლოში რეალურად არსებულ პრობლემებზე (რაზეც კვლევაში დეტალურადაა საუბარი) არ არსებობს ბოლო წლების განმავლობაში არც ერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეფასება, რომელიც მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითი პროგრესი მოიტანა. ამის საპირისპიროდ არსებობს ათობით კვლევა, რომელიც ფაქტებზე და ტენდენციებზე დაყრდნობით აჩვენებს, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და მას ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს. სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ლეგიტიმური კრიტერიუმი სწორედ სასამართლოს შესახებ საზოგადოებაში არსებული აღქმაა, რადგან დადგენილი სტანდარტების მიხედვით, მართლმსაჯულება არამხოლოდ უნდა აღსრულდეს, არამედ ასეთად უნდა იქნეს აღქმული“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.
მისივე განცხადებით, კვლევაზე დაყრდნობით, ნათელია, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მოგვარება ვერ მოხდება მხოლოდ ცალკეული პრობლემების გამოსწორებით ან ცალკეული რეგულაციების გაუქმებით, შემოღებით, შეცვლით. ანა ნაცვლიშვილს მიაჩნია, რომ საჭიროა რეალური რეფორმის გატარების მკაფიო პოლიტიკური ნება და მის საფუძველზე კომპლექსური და სისტემური მიდგომა.
დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯებზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უახლოეს მომავალში არის გადასადგმელი იმისათვის, რომ შესრულდეს რეფორმების 12 პუნქტიანი დღის წესრიგის სასამართლოსთან დაკავშირებული ნაწილი, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.
• „ რეფორმა 12 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად უნდა დაეფუძნოს ობიექტური, სრულყოფილი, ინკლუზიური პროცესის შედეგად შემუშავებულ შეფასებას სასამართლოში არსებული პრობლემების შესახებ. შეფასება უნდა მოიცავდეს როგორც საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზს, ასევე პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის ხარისხის და მიღებული შედეგების შეფასებას. ამგვარი შეფასების გარეშე რეფორმა კვლავ იქნება ვიწროპარტიული ინტერესით ნაკარნახევი და ვერ მოიტანს საჭირო შედეგს.
• დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტება 5 არამოსამართლე წევრით. ხუთივე წევრი უნდა შეირჩეს კომპეტენციის, კეთილსინდისიერების და საზოგადოების ფართო წრეში სანდოობის მიხედვით, არა პარტიისადმი ლოიალობის ნიშნით;
• საბჭოს არამოსამართლე წევრებს უნდა მიეცეთ რეალური ბერკეტები და არა ფორმალური ძალაუფლება საბჭოში (ორმაგი 2/3-ით გადაწყვეტილების მიღების წესის შემოღება);
• დღის წესრიგში უნდა დადგეს საბჭოს მიერ არასრული შემადგენლობით ფუნქციონირების პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის უზენაეს სასამართლოში დანიშვნების გადახედვის საკითხი;
• მოხდეს 2021 წლის დეკემბრის ბოლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში მიღებული უკიდურესად დამაზიანებელი ცვლილებების გაუქმება და სტატუს ქვოს აღდგენა“.
ანა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებულ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ რეალური სასამართლო რეფორმის ფარგლებში, ზემოაღნიშნულთან ერთად აუცილებელია არსებითი ცვლილებები შეეხოს იუსტიციის საბჭოს წევრების შერჩევის პროცესს და საქმიანობის წესს, იუსტიციის სკოლას, დისციპლინურ სისტემას, თავმჯდომარეების არჩევის წესს და ასევე კანონით უნდა მოწესრიგდეს საქმის განაწილების საკითხი.
აღნიშნული ცვლილებები დეტალურადაა გაწერილი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების „ლელო-საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფის“ მიერ მომზადებულ და პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტში.
დოკუმენტის მიგნებებს ასევე იზიარებენ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები „რეფორმების ჯგუფი“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“.