ანზორ ერქომაიშვილის თაოსნობით უძველესი ქართული ხალხური სიმღერების პირველი ფონოჩანაწერების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ხელოვნების დამსახურებულმა მოღვაწემ, პარლამენტის წევრმა, ანზორ ერქომაიშვილმა და საპატრიარქოს ფოლკლორულმა ანსამბლმა, "ბასიანმა" კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართეს პრეზენტაცია–კონცერტი "ქართული ხალხური სიმღერა – პირველი ფონოჩანაწერები 1901 – 1914". საღამოს ორგანიზატორმა და კრებულის ერთ–ერთმა ავტორმა, ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერების შეგროვება ორმოცი წლის წინ დაიწყო და მათი დედნები მოიძიეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში: კრასნოგორსკში, მოსკოვში, რიგაში, ლენინგრადში, ჰანოვერში, ბერლინში, ვენაში, ლონდონსა და პარიზში. სიმღერები ჩაწერილია თბილისში 1901–1914 წლებში, ინგლისური ორგანიზაცია "გრამაფონის" ხმის ჩამწერ სტუდიაში.
საღამოზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვა გააცნო, რომელიც ამჟამად ვიზიტით ლიტვაში იმყოფება. "დღეს, როდესაც საქართველო ცდილობს მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს, როდესაც ჩვენს სამშობლოს განადგურების საფრთხე დაემუქრა, ჩვენს ისტორიასა და კულტურას განსაკუთრებული მოფრთხილება და მზრუნველობა სჭირდება. ქართული ხალხური სიმღერა ყოველთვის იყო ერთობის, ვაჟკაცობის, ერთგულების, სამშობლოს სიყვარულისა და მოყვასის სიყვარულის მქადაგებელი. ყველა ამ თვისებას ერთად აღებულს ქართული სული, ქართული სიმღერა ჰქვია. სწორედ ამ ქართული სულის შემწეობით მოაღწია საქართველომ დღემდე. ამ ღირებულებების ერთობლიობის პატივისცემა მიგვიყვანს ჩვენთვის საოცნებო ერთიან, თავისუფალ და ძლიერ საქართველომდე",– ნათქვამი იყო მისასალმებელ სიტყვაში.
კონცერტზე უძველესი ქარული ხალხური სიმღერები საპატრიარქოს ფოლკლორულმა ანსამბლმა, "ბასიანმა" შეასრულა. მსმენელს, ასევე საშუალება ჰქონდა მოესმინა უნიკალური სიმღერების პირველი ფონოჩანაწერებიც.
კრებული "ქართული ხალხური სიმღერა – პირველი ფონოჩანაწერები 1901 – 1914" საქართველოს მეცნიერებათა ერონული აკადემიის მიერ დაჯილდოვებულია დიმიტრი არაყიშვილის პრემიით.
