ეკა ბესელია: ჩემი მოთხოვნაა, იმავე ვადაში მოხდეს ჩემი ინიციატივის განხილვა, რა ვადაშიც მოხდება საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვა

დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, დღევანდელ ბრიფინგზე, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის ინიცირება მმართველი პარტიის მიერ დღეს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.
„პარლამენტი ხვალ დაიწყებს საშემოდგომო სესიას და დაგეგმილია „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ საკმაოდ გვიან მოხდა ამ ცვლილებების ინიცირება, არჩევნებამდე დარჩენილია ზუსტად ორი თვე. ამ ცვლილებების შეტანას „საარჩევნო კოდექსში“ ჩვენ ვითხოვდით დასაწყისშივე, მათ შორის, ეს იდეა წარდგენილი იყო სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან და არ იქნება გაზიარებული, არ იყოს შეტანილი იმ ცვლილებების პაკეტში, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მიიღო და ახლა, ზუსტად ეს საკითხები, ასე დაგვიანებით პარლამენტში უკვე მმართველმა პარტიამ შემოიტანა. ამ ცვლილებებს, ბუნებრივია, აქვს მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომ იყოს ხმების გაყალბების მაქსიმალური პრევენცია, თუმცა, თუ გაყალბებას ექნება ადგილი, ამას ყოველთვის ხელისუფლება აკეთებს და არა ოპოზიცია. ამიტომ, საკუთარი თავისთვის დაწესებული ეს პასუხისმგებლობა, რაც ამ ცვლილებებშია, რომ სისხლის სამართლის წესით მოხდება დასჯა, თუკი მოხდება ზეწოლა, მუქარა, დაშინება, მოსყიდვა და ა. შ. ეს პირველ რიგში ხელისუფლებას ეხება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
დამოუკიდებელმა პარლამენტის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობის მოსთხოვა, რომ დაიწყონ მის მიერ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ივლისში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა იმავე ვადებში, რა ვადებშიც მოხდება მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა.
„ჩემი შემხვედრი მოთხოვნა და არა წინადადება გახლავთ ის, რომ კეთილი ინებოს ახლა უმრავლესობამ, ჩამოიღოს თაროზე შემოდებული ჩემი კანონპროექტი, რომელიც ეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს და ხმის დაცვის, არჩევნების გაყალბებისაგან დაცვის ძალიან მკაფიო და კონკრეტულ მექანიზმს. 13 ივლისს ეს ინიციატივა დაეწერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. აქამდე ის განხილული არ არის და ერთადერთი არგუმენტი, რის გამოც არ იხილებოდა ეს ცვლილება იყო ის, რომ ამბობდნენ არჩევნებამდე ცოტა დრო არის დარჩენილი და ვერ ვასწრებთ პროექტის განხილვასო. რადგან დღეს ხდება „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების ინიცირება თავად მართველი პარტიის მხრიდან, ჩემი მოთხოვნაა, რომ უმოკლეს ვადაში, იმავე ვადაში, რა ვადაშიც მოხდება დღეს წარმოდგენელი ცვლილებების განხილვა, მოხდეს ჩემი ინიციატივის გამოტანაც კომიტეტზე და სესიაზე და ერთად მოხდეს ამ ორი საკითხის განხილვა. მე ვამბობ ერთად ვადაში, იმიტომ, რომ ორივე ეხება საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, ეხება ხმის დაცვის დემოკრატიულ და მკაფიო ეფექტიან მექანიზმს, კერძოდ იმას, რომ თუ ბიულეტენები არასწორად არის დათვლილი, მოხდეს საარჩევნო უბანზე შერჩევითი პრინციპით ბიულეტენების გახსნა და გადათვლა. ეს არის ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტიანი მექანიზმი, რომ დავაზღვიოთ გაყალბებისგან საარჩევნო უბნებზე ნებისმიერი მანიპულაცია. რატომ არ უნდა უნდოდეს ეს ხელისუფლებას, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ამ ინიციატივას მხარს უჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, მხარს უჭერენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ის იყო, მათ შორის, იმ მოთხოვნებში, რომელიც რეკომენდაციების სახით მიეწოდებოდა ქვეყანას. ამიტომ, ამჯერად, მე იმ არგუმენტს ვეღარ მოვისმენ, აღარ მოვისმენ ან იმედია, აღარ მეტყვიან, რაც აქამდე მესმოდა, რომ ვერ ასწრებენ, რადგან არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.