ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის შეხვედრა ევროინტეგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

თინათინ ხიდაშელმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რანგში დღეს, პირველი შეხვედრა გამართა.
„ის გამოცდილება, რომელიც თქვენ გაგაჩნიათ, მაქსიმალურად უნდა გავიზიაროთ და გამოვიყენოთ. ამ შეხვედრის ამოცანაა ერთად გავაკეთოთ ის საქმე, რომლის წარმატებაშიც ყველა ერთნაირად ვართ დაინტერესებული“, - მიმართა მოწვეულ სტუმრებს თინათინ ხიდაშელმა.
მისივე თქმით, პოლიტიკურ სპექტრს მიღმა უზარმაზარი რესურსია სამოქალაქო სექტორში როგორც ადამიანური ასევე, ინტელექტუალური თვალსაზრისით. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტული საზოგადოების მიერ უდიდესი შრომა არის გაწეული ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით, როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულების შესახებ ქართული კანონმდებლობის შესაბამისობის ექსპერტიზისთვის.
„ვფიქრობ, ეს გამოცდილება მაქსიმალურად უნდა შეერწყას ერთმანეთს იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ. ჩვენ ბევრი ცვლილება გვაქვს კანონებში განსახორციელებელი, თქვენ კი ბევრი ინიციატივა გაქვთ მომზადებული. გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა საერთო მიზნის მისაღწევად ჩვენი საქმიანობა უფრო პროდუქტიული იყოს“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და პარლამენტის კომიტეტს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობა განხორციელდება. ამ თანამშრომლობის ძირითადი მიზანი კი, ევროკავშირთან დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმების მონიტორინგი და მის შესრულებაში სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული თანამონაწილეობა და მუშაობა იქნება იმ მიმართულებაზე, რომელსაც ეს შეთანხმება მოიცავს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემუშავდება გეგმა რომლის მიხედვითაც იმოქმედებენ, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, ასევე, მთავრობის მონიტორინგის თვალსაზრისით. კომიტეტის თავმჯდომარემ გამოთქვა სურვილი, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სამთავრობო ინიციატივების განხილვაში თავიდანვე იყვნენ ჩართული.
თინათინ ხიდაშელი მომავალ კვირას შეხვედრას უკვე მედიის ხელმძღვანელებთან გამართავს.
„იმისთვის, რომ ერთ ამოცანას ვემსახუროთ და ევროპა გავხადოთ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა: დეპუტატებმა კანონებში, სამოქალაქო სექტორმა თავის ექსპერტიზაში, მედიამ თავის საქმიანობაში, თუ ერთად, კოორდინირებულად ვიმუშავებთ ეს სისტემა უფრო კარგად ამოქმედდება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
