ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

დღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სფეროს პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ზაქარია ქუცნაშვილმა სტუდენტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა, რომელიც, ძირითადად, განათლების სისტემის რეფორმასა და დასაქმების პრობლემებს ეხებოდა. სტუდენტები დაინტერესდნენ ასევე ზაქარია ქუცნაშვილის, როგორც პარლამენტის წევრის მიზნებითა და ამოცანებით. „ჩემი, არა მარტო როგორც დეპუტატის, არამედ, ზოგადად, ადამიანური მისიაა უსამართლობასთან და გაჭირვებასთან ბრძოლა, რადგან არაფერი ისე არ აკნინებს და ანადგურებს ადამიანს, როგორც უსამართლობა და მატერიალური გაჭირვება“, - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა და აქვე სტუდენტებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე გაუმახვილა ყურადღება, რომელიც, მისივე თქმით, სწორედ მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სამართლიანობის დამკვიდრების პრინციპებზეა დაფუძნებული.
