ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ სახალხო დამცველის ანგარიში განიხილა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილა „2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.
მომხსენებლის, საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში 2256 საქმის შესწავლა დაიწყო და 85 საქმის ფარგლებში დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებები.
მისი თქმით, დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, სახალხო დამცველმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას და სუბიექტს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართა.
„საგულისხმოა, რომ 20 შემთხვევაში, ჩვენი დახმარებით, სრულად აღდგა დარღვეული უფლებები. როგორც თანასწორობის მექანიზმი, სახალხო დამცველი დისკრიმინაციის საქმეების ფარგლებში უფლებამოსილია, ხელი შეუწყოს მხარეთა მორიგებას. ამ მანდატის ფარგლებში, 2025 წელს სახალხო დამცველმა 4 საქმეში მოახერხა მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, 2025 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე 14756 ზარი შევიდა და 2024 წელთან შედარებით, 33%-ით გაიზარდა საინფორმაციო-საკონსულტაციო მიმართვების რაოდენობა.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, 2025 წლის განმავლობაში მომზადდა: 23 სპეციალური ანგარიში და 4 ალტერნატიული ანგარიში საერთაშორისო ორგანოებში წარსადგენად, 3 კონსტიტუციური სარჩელი, 18 სასამართლო მეგობრის მოსაზრება და 2 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის.
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე საუბრისას, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ 2025 წელს საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად დარჩა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
მისი თქმით, კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით პირთა უკანონო დაკავება და პატიმრობის შემთხვევები.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორც მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, ასევე გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია და პაციენტთა გართულებული გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტებზე.
სახალხო დამცველის ანგარიში ასევე შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; სამართლიანი სასამართლოს უფლება; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა; წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება; გამოხატვის თავისუფლება; შეკრების თავისუფლება; საარჩევნო უფლება; თანასწორობის უფლება; შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები; ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია; ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა და სხვა.
სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის დასკვნას, რომელშიც გაანალიზებულია სახალხო დამცველის ანგარიშში იდენტიფიცირებული გამოწვევები და ასახულია მათი გადაჭრის მიზნით, პარლამენტის მიერ გასაცემი დავალებების პროექტი.
