შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში იმყოფება.
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში რამდენიმე ეკლესია მოინახულეს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში განსაკუთრებით უფრთხილდებიან იმ ქრისტიანულ მემკვიდრეობას, რომელიც ქვეყანას გააჩნია.
„ჩვენ რამდენიმე ეკლესია მოვინახულეთ. მართლაც გასაოცარია ის კულტურული და ქრისტიანული მემკვიდრეობა, რომელიც ქართველებს გვაქვს, რომელსაც ამ ეპარქიაში განსაკუთრებით უფრთხილდებიან. ეს მემკვიდრეობა მომავალი თაობისთვის ჰყვება იმ ისტორიას, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა. სქურის ეკლესია ცალკე გამოსარჩევია მისი არქიტექტურიდან და გარემოდან გამომდინარე. სქურის ხეობა ჩვენი ქვეყნის უნიკალური ადგილია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ილია ინჯია, მარიამ ლაშხი, ირაკლი ქადაგიშვილი, დავით მათიკაშვილი, გრეტა წიწავა, ედიშერ თოლორაია, ირაკლი ზარქუა და პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი.
